სალომე ზურაბიშვილი – მოვუწოდებ ურსულა ფონ დერ ლაიენს, გაითვალისწინოს საქართველოს ხალხის ნება, ეს ხალხი იმსახურებს გავლილი გზის აღიარებას, და ეს დღე დგება ახლა

23:12, 14.06.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს, გაითვალისწინოს საქართველოს ხალხის ნება, რომელიც იმსახურებს გავლილი გზის აღიარებას.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხვალვე პერსონალური წერილით მიმართავს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მეთაურებს.

„მივმართავ აქედან დღეს ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის რეკომენდაციის დასრულებისთვის და მოვუწოდებ, გაითვალისწინოს საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცები გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგენენ ავღანეთში, როცა ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, ეს ხალხი იმსახურებს მისი  30-წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას.  და ეს დღე დგება ახლა.

ხვალვე, ასევე, მე პირადად პერსონალური წერილით  მივმართავ 27 წევრო ქვეყნის თითოეულ მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და მისი გზის მიღმა დატოვება, საბედისწერო შეცდომა შეიძლება იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

მსგავსი