სალომე ზურაბიშვილი - მოსამართლეთა 2020 წლის არჩევნების შემდეგ დანიშვნის რეკომენდაცია უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი
სალომე ზურაბიშვილი - მოსამართლეთა 2020 წლის არჩევნების შემდეგ დანიშვნის რეკომენდაცია უფრო პოლიტიკურია, ვიდრე სამართლებრივი

ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის განწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტიმა, სალომე ზურაბიშვილმა განცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია.

„პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც ეხებოდა მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას. ამ ცვლილებამ, ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც – სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა. ამ შეფასებიდან გამომდინარე, ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია: დამატებით გათვალისწინებულ იქნა სამი რეკომენდაცია. პირველი – მოსამართლეობის კანდიდატებზე მიღებული იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება; მეორე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე; მესამე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი. თავმჯდომარის წარდგენა შეუძლია ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე, ობიექტურ, მიუკერძოებელ შერჩევას და იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის განწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი. იმედი მაქვს, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად საქართველო მიიღებს ისეთ მართლმსაჯულების სისტემასა და მოსამართლეთა კორპუსს, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველ საქმეებზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ამაღლდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ჩვენი ერთობლივი მიზანია. მინდა, გამოვთქვა კმაყოფილება და პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ კონსტრუქციული ურთიერთობისა და მასთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგების შესახებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.