სალომე ზურაბიშვილი – მოსახლეობას სურს, დაამთავრონ პოლარიზაცია, ამ ეტაპზე ეს არ არის უმრავლესობის თუ ოპოზიციის ნება, ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს
ჩვენ მოსახლეობას სურს, რომ დაამთავრონ პოლარიზაცია, რომ დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის და ამ ეტაპზე ეს არ გახლავთ ნება პოლიტიკური ძალების, იქნება ეს უმრავლესობა თუ ოპოზიცია, ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ძალიან დიდი გამოწვევებია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„საქართველოსთვის ასეთ დიდი გამოწვევებთან ერთად, რომლებიც ჩვენ წინაშეა და რომლებმაც შესაძლოა, განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი შიდა გამოწვევა ჩანს აბსურდული და არარელევანტური. ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია, მათ სურთ, რომ დაამთავრონ პოლარიზაცია, სურთ, დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის, ახალი რიცხვები, ახალი პერსპექტივები და ამ ეტაპზე ეს არ გახლავთ ნება პოლიტიკური ძალების, იქნება ეს უმრავლესობა თუ ოპოზიცია, ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.