სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა
სალომე ზურაბიშვილი მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რადგან ალბერ მეორემ კორონავირუსი გადაიტანა.

„მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისისას მნიშვნელოვანია საერთაშორისო სოლიდარობა“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო პანდემიის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის გახსნის სტრატეგიას. აღინიშნა, რომ პოსტპანდემიურ მსოფლიოში გლობალური პრობლემების დასაძლევად საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო თანამშრომლობა კლიმატური ცვლილებების, გარემოსდაცვით და საზღვაო ეკოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით.