სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, საქართველოს იცნობდნენ ქვეყნად, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობაში თავის წვლილი შეაქვს
სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, საქართველოს იცნობდნენ ქვეყნად, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობაში თავის წვლილი შეაქვს

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე განიხილეს ნატო-სა და საქართველოს თანამშროლობა, ნატო-ს მხარდაჭერა და ქვეყნის მთავარი გამოწვევები.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმას, თუ როგორია დღევანდელი საქართველოს შეტანილი წვლილი სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ევროპისთვის და ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას, რომელიც ასევე ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან ბევრი საერთო საქმე გვაქვს სხვადასხვა საკითხებში, რომელიც ყველა ფორმას და მათ შორის კიბერუსაფრთხოებასაც ეხება. დღეს რა ახალი გამოწვევებიც არსებობს, ცრუ ინფორმაციის სახით, რომელსაც დიდ წილად რუსეთი იყენებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორი არის დღევანდელი საქართველოს შეტანილი წვლილი სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს იცნობდნენ ისეთ ქვეყნად, რომელსაც საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობაში თავის წვლილი შეაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო მზად არის, ჩვენთან თანამშრომლობაში ძალიან აქტიური იყოს. ვიზიტები გრძელდება, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა და ეს ამ პოლიტიკური მხარდაჭერის მიზანია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელით დაიწყება, სადაც ნატო და ევროკავშირი მდებარეობს. აუცილებელია, რომ ჩვენ ეს კავშირები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეს ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.