სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ აცრა აუცილებელია, პანდემია არსად გაქრება, სჯობს, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და ეს აცრით იწყება
სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ აცრა აუცილებელია, პანდემია არსად გაქრება, სჯობს, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა და ეს აცრით იწყება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ მან ჟენევაში დღეს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს აქედან – ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ სჯობს, ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და ეს აცრით იწყება.

დღევანდელ დღეს საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება, რაღაც მატებაც იყოს. აცრა აუცილებელია ყველასთვის და უპირველესად, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორსა და სკოლებში მუშაობენ, მასწავლებლებისა და სხვებისთვის.

თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული, ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.