სალომე ზურაბიშვილი - მჯერა, თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს, რომ კმარა, დღემდე რა მსხვერპლიც გავიღეთ შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიების გამო
სალომე ზურაბიშვილი - მჯერა, თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს, რომ კმარა, დღემდე რა მსხვერპლიც გავიღეთ შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიების გამო

მჯერა, თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს, რომ კმარა, დღემდე რა მსხვერპლიც გავიღეთ საქართველოს შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიების გამო“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა. ის თბილისში მინსკიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო. დაშავდნენ ადამიანები, ზოგიერთი იმიტომ, რომ სახელმწიფოში წესრიგს იცავდა; ზოგიერთი იმიტომ, რომ საკუთარი და ქვეყნის ღირსების დასაცავად იყო გამოსული და შემდეგ უმართავ სიტუაციაში აღმოჩნდა; ზოგიერთი კი,  იმიტომ, რომ აჰყვა პოლიტიკურად მოტივირებულ, სრულიად უგუნურ და დამღუპველ მოწოდებებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა, პოლიციელი თუ რიგითი მოქალაქე, ქუჩაში იდგა თავისი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის.

„ყველა საქართველოს შვილია. ყველა ძვირფასია და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი დღეს ამბობს: „კმარა, დღემდე  რა მსხვერპლიც გავიღეთ საქართველოს შიდა დაპირისპირებისა და გარე აგრესიების გამო!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მომხდარი მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.

„უდიდეს თანადგომას ვუცხადებ ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია. ეს არ არის მათი პირადი ტრაგედია. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ამ წუთამდე ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა პოლიციელებსაც გადაუხადა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც  ბოლო შესაძლებლობამდე ეცადნენ, მოქალაქეებისთვის მიეცათ სამართლიანი პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის საშუალება. სამწუხაროდ, პროტესტის ფორმა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის.

მათ ევალებათ სახელმწიფოს დაცვა საფრთხისგან, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რამდენიმე წუთში ვინახულებ საავადმყოფოებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა თითოეული შემთხვევის მიუკერძოებელი გამოძიება და კანონის ჩარჩოებში რეაგირება.