სალომე ზურაბიშვილი - მჯერა, პრეზიდენტ მაკრონთან ბოლომდე მივიყვანთ​ ჟისკარ-დ'ესტენთან დაწყებულ საუბარს საქართველოზე
სალომე ზურაბიშვილი - მჯერა, პრეზიდენტ მაკრონთან ბოლომდე მივიყვანთ​ ჟისკარ-დ'ესტენთან დაწყებულ საუბარს საქართველოზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე 70-იან წლებში საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან საუბარს იხსენებს. მისი თქმით, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენთან განსახილველი საკითხის ნაცვლად, საქართველოზე დაიწყო საუბარი.

„70-იან წლებში, როდესაც პირველად შევხვდი საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, როგორც ფრანგი დიპლომატი, განსახილველი საკითხის ნაცვლად საუბარი საქართველოზე დავიწყე.

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის შემდეგ საფრანგეთმა რამდენიმე პრეზიდენტი გამოიცვალა და თითოეულ მათგანთან საუბრისას საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავება ყოველთვის მთავარი თემა იყო ჩემთვის.

ეს ჩემი ერთ-ერთი ისტორიული ვალდებულებაა და ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს, მჯერა, რომ ჟისკარ-დ’ესტენთან დაწყებულ საუბარს ბოლომდე მივიყვანთ.

საფრანგეთში ჩემი ვიზიტი ჩვენს დიასპორასთან შეხვედრით დაიწყება“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 17 თებერვალს დაიწყებს. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.