სალომე ზურაბიშვილი - მგონია, რომ 5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა
მგონია, რომ 5 ივლისის მოვლენების აღკვეთა შეიძლებოდა; როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით გავიარე ეკლესიის წინ და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის „გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე“.
„5 ივლისის მოვლენებზე მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ამ ტიპის ძალადობა ჟურნალისტებზე. მე მგონია, რომ ამ ძალადობის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშუეთის ეკლესიაში იქნებოდა ორი პარაკლისი, დილით ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ ყოფილა მისული.
როდესაც ხელისუფლებაში ხარ, აუცილებელია ასეთი ფაქტების პრევენცია. წესრიგის დაცვა ხელისუფლების პირველი მოვალეობაა და სამწუხაროა, რომ ამაში, თუნდაც განცხადებებით, ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც მიიღო მონაწილეობა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ მთელი ცხოვრება პატრიარქმა მიუძღვნა იმას, რომ არანაირი დაპირისპირება არ მომხდარიყო არც ეკლესიის შიგნით და არც საზოგადოებაში. ეს არის ყოველთვის მისი მთავარი წუხილი. დღეს რომ ასეთი რამ ეკლესიაში ხდება, ალბათ ეს მისთვის დიდი ტკივილია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.