სალომე ზურაბიშვილი - მესიჯი, რომლის მოტანაც ევროპაში მინდა, არის, რომ ჩვენ უკრაინას აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებთ
სალომე ზურაბიშვილი - მესიჯი, რომლის მოტანაც ევროპაში მინდა, არის, რომ ჩვენ უკრაინას აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებთ

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში, თუმცა ის ასევე ჩაწერილია ჩვენი ხალხის გულებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო მოლაპარაკებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა უსმენდნენ არა პუტინის სიტყვებს, არამედ უყურებდნენ, რას აკეთებს ის. მან ყურადღებაა გაამახვილა უკრაინაში გაგზავნილი ტანკების რვაკილომეტრიან კოლონაზე.

„მე ნაკლებად მარწმუნებს მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის სიტყვები. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტმა მაკრონმაც იცის, რომ არ შეიძლება, სიტყვებს ენდო და რომ ეს არის მისი ჩართვის მცდელობა. ყველა ცდილობს ამის გაკეთებას, მათ შორის ზელენსკი მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციასთან ერთად, თუმცა პუტინი აშკარად თამაშობს ორივე მხარეს. ერთი მხრივ, გარკვეული ფორმის დიალოგი, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინაზე ყველა საშუალებით ზემოქმედების გაძლიერება, მათ შორის სხვადასხვა ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეში ამოღება, რაც ალბათ შეშფოთების მთავარი საგანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, შეცვალა თუ არა ბოლო მოვლენებმა საქართველოს ამბიციები, გაწევრიანდეს ნატო-ში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არა.

„საქართველოში ინტერვენცია და ოკუპაცია შედარებით ადრე მოხდა, ზუსტად 14 წლის წინ. და არა მხოლოდ 14 წლის წინ, ეს რუსეთის საქართველოში ინტერვენციის უკვე მეოთხე შემთხვევაა. ასე რომ, ეს არ არის ახალი და ამას არასდროს შეუცვლია ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, გაწევრიანებულიყვნენ ევროპასა და ნატო-ში. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში, თუმცა ის ასევე ჩაწერილია ჩვენი ხალხის გულებში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, თუ ინტერვენციების მიზანი იყო საქართველოსა და უკრაინისთვის ეიძულებინათ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა, მაშინ ის წარუმატებელია.

„ასე რომ, ვფიქრობ, თუ ეს იყო მიზანი საქართველოში, მან წარმატებას ვერ მიაღწია და თუ ეს არის დღეს მიზანი უკრაინაში, ის წარუმატებელი იქნება, რადგან რაც უნდა მოხდეს, შედეგად მივიღებთ, რომ ხვალ უკრაინა იქნება ანტირუსული“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

წამყვანმა საქართველოს პრეზიდენტს ასევე ჰკითხა პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

„უპირველესად, არ ვიცი, რატომ გააკეთა მან ეს განცხადება. ვფიქრობ, ეს საკითხი არ დგას, რადგან ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რა ტიპის სანქციების დაწესება შეგვეძლება, რომლებსაც მნიშვნელობა ექნება ამ ეტაპზე. სწორედ ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ასეთი სახის განცხადებას დღეს რაიმე აზრი აქვს. შემიძლია, გულწრფელად ვთქვა, რომ მე ასეთი სახის განცხადებას არ გავაკეთებდი. ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია და რასაც ყველა ელის საქართველოსგან, ეს არის ღია სოლიდარობა, ამიტომ ვარ აქ, ამას ვუდასტურებ პრეზიდენტ ზელენსკის. ამას ძალიან მკაფიოდ ადასტურებს ქართველი მოსახლეობა. ეს არის მესიჯი, რომლის მოტანაც აქ მინდა – ჩვენ უკრაინას აბსოლუტურ სოლიდარობას ვუცხადებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, დასავლეთის უპრეცედენტო სანქციები ხომ არ შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული და ისედაც საშიში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მისი აზრით, სანქციები კონტრპროდუქტიული არ არის.

„ვფიქრობ, არაფერია კონტრპროდუქტიული, რადგან პუტინმა უნდა გააცნობიეროს და ის უკვე იწყებს აღმოჩენას, რომ არსებობს ერთიანი ევროპა, რომ მან ვერ გათვალა, როგორი იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელებისა და შემდეგ ევროპელების რეაქცია მის აგრესიაზე. მან უნდა გაიგოს, რომ არ შეუძლია ზემოქმედება და კარნახი ყველასთვის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ დასავლეთმა უნდა დააბალანსოს უკრაინის დახმარება, ლეგიტიმური მოთხოვნების დაკმაყოფილება და ვითარების ესკალაციის თავიდან აცილება, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, ვინმე ხელს უწყობდეს ესკალაციას, პუტინის გარდა.

„ვფიქრობ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ როგორ იქცა პუტინი იმ პუტინად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ დასავლეთის მხრიდან ყოველთვის იყო საკუთარი თავის შეზღუდვა, არ გაეკეთებინათ რაიმე ისეთი, რასაც შესაძლოა, პროვოცირება მოეხდინა. ამ შემთხვევაში, არაფერი ყოფილა პროვოცირებული. არანაირი მკაფიო და მყისიერი საფრთხე არ მომდინარეობდა ნატო-დან პუტინისთვის, არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა ნატო-ს შიგნით. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვიცით. შესაძლოა იყოს, თუმცა ვიცით, რომ ის არ იქნებოდა დღეისთვის ან ხვალისთვის. ეს არის პერსპექტივა. ასე რომ, არანაირი საფრთხე არ არსებობდა და ბატონმა პუტინმა ეს ძალიან კარგად იცის. ამგვარად, მან ე.წ. საფრთხის საბაბი გამოიყენა თავისი აგრესიის აქტების საკუთარი თავის, რუსეთის მოსახლეობის წინაშე გასამართლებლად, თუმცა ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული გახლდათ პირდაპირ, ყოველგვარი არგუმენტებისა და უკრაინის მხრიდან პროვოკაციების გარეშე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.