სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა. მან შეხვედრისას საქართველოსა და ლატვიის მჭიდრო ურთიერთობის საკითხზე ისაუბრა.

„ლატვია არის ერთ-ერთი ქვეყნებს შორის, რომელიც საქართველოს ძალიან მჭიდრო და ახლო მეგობარია, რომელიც ყოველმხრივ მხარს გვიჭერს, მხარს უჭერს ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ჩვენს კურსს, ჩვენს ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ მისწრაფებას და დღევანდელ დღეს ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენთვის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ. როცა ასეთი ახლო მეგობარი არის ქვეყანა, რომელსაც გავლილი აქვს იგივე წარსული და იგივე ისტორია, იმასთან მეტი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მეტი ეკონომიური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობა.

ამაზე უპირველესად ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, მაგრამ თქვენც შეგიძლიათ ძალიან ბევრი, ამიტომ თქვენთან შეხვედრა და თქვენგან მოსმენა, თუ რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს, არის ძალიან საჭირო და აუცილებელიც“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიაში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილი რიგას სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 15 მაისს დაიწყება. დღის წესრიგით, ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან, პრემიერ-მინისტრთან, არტურ კრიშიან კარინჩთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ინარა მურნიეცესთან შეხვედრებია გათვალისწინებული. სალომე ზურაბიშვილი ოკუპაციის მუზეუმსაც მოინახულებს და ლატვიის პრეზიდენტთან ერთად თავისუფლების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს. იგეგმება ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან შეხვედრა.

16-17 მაისს პრეზიდენტს უკვე ტალინში ელოდებიან, სადაც სალომე ზურაბიშვილი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს და თავის ესტონელ კოლეგასთან ერთად მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.