სალომე ზურაბიშვილი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა
სალომე ზურაბიშვილი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოსთან ერთად საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა ფორუმს არაჩვეულებრივი წამოწყება უწოდა და აღნიშნა, ასეთი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას.

„წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ძეგლთა დაცვის სააგენტოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მისი მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

„მე ვიქნები სააგენტოსა და იმ მუნიციპალიტეტების გვერდით, რომლებიც დაიწყებენ კულტურაში ფინანსური რესურსის ჩადებას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებლობის აღებას. ეს მხოლოდ სააგენტოს საქმე არ არის, ეს მთელი ქართული საზოგადოების საქმე და პასუხისმგებლობაა, რადგან ეს ჩვენი ისტორიაა, რომლითაც უნდა გავიდეთ ევროპაში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, იმდენად მდიდარია ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, რომ საქართველოში შემოსული ტურისტი არასოდეს ელოდება ასეთ სანახაობას.

„მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ასეთი განსაკუთრებული სიმდიდრე აქვთ, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა შემოვინახოთ ის და გადავცეთ მომავალ თაობებს. ეს ეხება ასევე არამატერიალურ მემკვიდრეობას, იმ ტრადიციებს, რომელიც ცოცხლად თაობიდან თაობას გადაეცემა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანია „არ-ემ-ჯის“ გარემოს დაცვისა და ძეგლთა დაცვის საქმეში ჩართვისთვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი და საჭიროა ქვეყნისა და რეგიონისათვის.