სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, მივიღებთ ისეთ მოსამართლეთა კორპუსს, რომლის პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს სამართლიან გადაწყვეტილებებს
სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, მივიღებთ ისეთ მოსამართლეთა კორპუსს, რომლის პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს სამართლიან გადაწყვეტილებებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

„ჩემ მიერ პარლამენტში წარმოთქმულ საპრეზიდენტო სიტყვაში გამოვხატე პოზიცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემყარებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და, ამავე დროს, უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს – არჩეულ იქნას საზოგადოების ძლიერი ნდობით აღჭურვილი, მაღალი რეპუტაციის მოსამართლეები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ შეიმუშავა ხუთი ძირითადი რეკომენდაცია. პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც ეხებოდა მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას. ამ ცვლილებამ, ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც – სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ პრინციპებს აკმაყოფილებდა. ამ შეფასებიდან გამომდინარე, ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია: დამატებით გათვალისწინებულ იქნა სამი რეკომენდაცია. პირველი – მოსამართლეობის კანდიდატებზე მიღებული იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება; მეორე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე; მესამე – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი. თავმჯდომარის წარდგენა შეუძლია ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ამ ხუთი ძირითადიდან არ იქნა გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს.

პრეზიდენტის განცხადებით, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014 წელს სწორედ ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

„მჯერა, რომ განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე, ობიექტურ, მიუკერძოებელ შერჩევას და იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე. რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის განწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი. იმედი მაქვს, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად საქართველო მიიღებს ისეთ მართლმსაჯულების სისტემასა და მოსამართლეთა კორპუსს, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველ საქმეებზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ამაღლდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ჩვენი ერთობლივი მიზანია. მინდა, გამოვთქვა კმაყოფილება და პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ კონტრუქციული ურთიერთობისა და მასთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგების შესახებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.