სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ იასუჰირო იამაშიტასს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო 2020 წელს ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს, ასევე, სპორტის სფეროში საქართველო-იაპონიას შორის ურთიერთობის საკითხებს.

აღინიშნა, რომ 2020 ტოკიოს ოლიმპიადა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასაც. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონიაში მოღვაწე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძის-ტოჩინოშინი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია წარმატებულ სპორტსმენებს ქვეყნების დაახლოება. როგორც იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, იასუჰირო იამაშიტამ განაცხადა, ოლიმპიური კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რათა 2020 წელს ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე თავისი მაქსიმუმის გაკეთება შეძლონ. შეხვედრისას აღინიშნა ქართველი პარასპორტსმენების მონაწილეობის მნიშვნელობაც.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის სტუმრობას იაპონიაში, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ვეცდებით, ქართველ და იაპონელ სპორტსმენებს შორის გაღრმავდეს ურთიერთობები. სპორტის მეშვეობით ქართველი და იაპონელი ერი კიდევ უფრო დაახლოვდებიან, რაც არის ჩვენი პირველადი მიზანი“, – განაცხადა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, იასუჰირო იამაშიტამ.

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების პროცესი გააცნო და ტოკიოს ახალი ოლიმპიური სტადიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად რამდენიმე თვეში გაიხსნება.