სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიაში მოწმის სტატუსით წარდგა - „აშშ-ის რბილი მიდგომა საქართველოს დე ფაქტო მმართველობისადმი წარსულში მარცხით დასრულდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას“
სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიაში მოწმის სტატუსით წარდგა - „აშშ-ის რბილი მიდგომა საქართველოს დე ფაქტო მმართველობისადმი წარსულში მარცხით დასრულდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას“

ასი წლის წინ კონგრესის კომისია უკვე ატარებდა მოსმენებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ეს იყო 1926 წელი და მდგომარეობა იმ დროს საქართველოში უკიდურესად რთული იყო. ვიმედოვნებ, რომ პარალელი აქ მორჩება და შევძლებთ სიტუაციის განსხვავებულად განვითარების ხილვას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, სადაც მოწმის სტატუსით იყო მიწვეული.

როგორ ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ვითარება უკიდურესად რთულია ყველა დემოკრატიული უფლების, თავისუფლებებისა და ადამიანის მდგომარეობის თვალსაზრისით.

„აქ წარმოვადგენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც დღეს ციხეში არიან. და სიმბოლურად მინდა, ვახსენო მზია ამაღლობელი, როგორც ჟურნალისტი ქალი, რომელიც ციხეში აბსოლუტურად უმიზეზოდ ზის. აქ ვიმყოფები, რათა ვისაუბრო საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. გავიხსენო, რომ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარში ედგა საქართველოს, რომ დაგვხმარებოდა დამოუკიდებელი, სტაბილური, პროდასავლურ რეფორმებზე მიმართული სახელმწიფოს შენებაში, რასაც ახლა ვკარგავთ. აშშ-მა ბევრი რესურსი ჩადო საქართველოში – ფინანსური რესურსები, მაგრამ ასევე ადამიანური რესურსები. და ეს არ იყო უბრალოდ საჩუქარი, ეს იყო ვალდებულება საქართველოს თავისუფლების, საქართველოს უსაფრთხოების და ევროპული მომავლის მიმართ. საქართველო მოქმედებდა, როგორც შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი, უერთდებოდა მისიებს ავღანეთსა და ერაყში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი მასობრივად მხარს უჭერდა ამ პარტნიორობას. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო იყო სტრატეგიული გამარჯვება აშშ-ისთვის, გამარჯვება რუსეთზე და თანაც მშვიდობიანად. მმართველმა რეჟიმმა საქართველოში ზურგი აქცია ამ პარტნიორობას, დადისტანცირდა და იზოლირდა როგორც საკუთარი თავისგან, ისე საიმედო მოკავშირისგან, რის პარალელურადაც სულ უფრო უახლოვდება ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებს.

„ქართული ოცნების“ საჯარო პოზიციები უფრო მეტად იძენს ანტიამერიკულ ტონს, რომელთა შორისაა საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე, პირადად პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციაზე, მეორე ფრონტის გახსნაზე. ვფიქრობ, ელჩი, რომელიც ჩემს უკან ზის, არ უარყოფს ამას. ამის პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან, ჩინეთთან. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან არის 380-გრადუსიანი შებრუნება ყოფილი საგარეო და შიდა პოლიტიკური კურსისგან, რაც ხელყოფს ქვეყნის დამოუკიდებლობას“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, „ოპოზიცია პრაქტიკულად გაუქმებულია, სამოქალაქო აქტივისტები დაპატიმრებული არიან, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდული აქვთ დაფინანსება და პარალიზებულები არიან“.

„ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს, რომ ქართველი ხალხი არ მიიღებს სახელმწიფოს დივერსიულ მიტაცებას. ისინი სრულად ერთგული რჩებიან დემოკრატიისა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის და ასევე ევროპული მომავლის“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, „საქართველოში დემოკრატიის გარეშე არ იქნება სტაბილურობა და ჩვენ ვრისკავთ, შევიდეთ არასტაბილურობის პერიოდში“.

„საქართველოში სტაბილურობის გარეშე არ არის მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. საქართველოს მომავალი სტრატეგიულ გამოწვევას წარმოადგენს როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე ევროპელი პარტნიორებისთვის. რუსეთმა ბოლო საუკუნეებში აღიარა, რომ ვინც კონტროლს ახორციელებს პოლიტიკაზე, ის აკონტროლებს კავკასიას. დროა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა აღიარონ სტრატეგიული რეალობა და ხელი შეუშალონ იმას, რომ მზარდი რუსული და ჩინური გავლენის ქვეშ მყოფი შავი ზღვა ჩამოშორდეს დასავლურ ძალებს, რომ საქართველოს მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან იზოლაციაში აქცევს ქვეყანას. ხელი შეუშალონ იმას, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმი, რომელიც ეპოტინება ირანს, კვლავ გაერთიანდეს ამ ძალებთან. ხელი შეუშალონ იმას, რომ საქართველო გახდეს ნაცრისფერი ზონა, სადაც არა მხოლოდ ყველანაირი სანქციებისთვის გვერდის ავლა, არამედ ტრეფიკინგი, მიგრანტული მარშრუტები აყვავდება. შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ რეგიონში გეოპოლიტიკური ცვლილების მხრივ. შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო დიდი გამარჯვება და პრეზიდენტ ტრამპის პერსონალური წარმატება, მაგრამ ამ გეოპოლიტიკურ გემს არ უნდა მიეცეს ჩაძირვის საშუალება. თუკი რუსეთს მიეცემა საშუალება, გააფართოოს თავისი გავლენა საქართველოზე, ეს ხელს შეუშლის ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის შესაძლებლობას, რომელიც შავ და კასპიის ზღვებს დააკავშირებს. რუსეთის მიმართულებით არსებული სირთულეები სახიფათოა. ამერიკის შეერთებული შტატების რბილი მიდგომა საქართველოს დე ფაქტო მმართველობისადმი წარსულში მარცხით დასრულდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას.

დრო არ ითმენს გაურკვევლობას – აუცილებელია მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც ნათლად დააფიქსირებს აშშ-ის ინტერესებს. ის, რასაც საქართველოს მმართველი რეჟიმი აკეთებს, მხოლოდ საქართველოს ხალხის ნების და დემოკრატიული ღირებულებების ღალატი კი არ არის, ეს პირდაპირი უარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან. ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა და რესურსი ჩადეს საქართველოს წარმატებაში და ეს ყველაფერი ვერ უნდა იქნეს გაფლანგული იმ ქმედებებით, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ის უსაფრთხოების ინტერესებს და თან ახლავს მტრული რიტორიკა. ეს უნდა ჩაითვალოს მიუღებლად და მკაფიოდ იქნეს დაფიქსირებული. პასუხისმგებლობა გადამწყვეტია. რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ყველაფრის უფლებას. დაბოლოს, განსხვავებული აზრის დევნა არა მხოლოდ ქვეყნის მომავალს აზიანებს, არამედ დემოკრატიის საფუძვლებსაც. ქართველმა ხალხმა უკეთესი დაიმსახურა და ასევე მათმა მეგობრებმა, ამერიკელებმა, რომელთა მხარდაჭერაც ყოველთვის ეფუძნებოდა თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედს“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ჰელსინკის კომისიაში იმართება მოსმენა სახელწოდებით „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმის სტატუსით მიწვეულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჰადსონის ინსტიტუტის ევროპისა და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი. მოსმენას დარბაზში ესწრება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი.