სალომე ზურაბიშვილი - გერმანიის პრეზიდენტთან კონფლიქტურ სიტუაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვისაუბრეთ, ასევე იმ აუცილებლობაზე, რომ საქართველო არ იყოს მივიწყებული
სალომე ზურაბიშვილი - გერმანიის პრეზიდენტთან კონფლიქტურ სიტუაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვისაუბრეთ, ასევე იმ აუცილებლობაზე, რომ საქართველო არ იყოს მივიწყებული

ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ზაფხულს შექმნილი საკმაოდ დაძაბული ვითარება შეიძლება, ნებისმიერ დროს გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში, აუცილებელია დეესკალაცია და მეორე მხრივ, რაიმე გამოსავლის ძებნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კონფლიქტურ სიტუაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია დეესკალაცია და რაიმე გამოსავლის ძებნა ამ მიმართულებით.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდაა.

„ჩვენ ამ წელს მეოთხე შეხვედრა გვქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, მაგრამ ამ წელს და ამ ფორმატში მისი პირველი ვიზიტია. ჩვენ უპირველესად კონფლიქტურ სიტუაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვისაუბრეთ. იმ აუცილებლობაზე, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობ ჩვენს პარტნიორებთან, რომ აუცილებელია, სხვა კონფლიქტთან ერთად, კერძოდ უკრაინის კონფლიქტთან ერთად, საქართველო არ იყოს მივიწყებული, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ ზაფხულს შექმნილი საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში. აუცილებელია დეესკალაცია ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რაიმე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება არის მოლაპარაკებების გაძლიერება იმ ფორმატებში, რაც არსებობს. მაგრამ ასევე სხვა ფორმატებში, სადაც შეიძლება იყოს განხილული სხვა კონფლიქტებიც. ერთ-ერთი მიმართულება ასევე არის ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის არეალის გაზრდა, როგორც პირველი დეესკალაციის ერთ-ერთი ზომა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გერმანელ კოლეგასთან ერთობლივი განცხადებების დროს.

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.