სალომე ზურაბიშვილი - გერმანიის პრეზიდენტთან პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში, ეს ტრადიციად უნდა იქცეს
სალომე ზურაბიშვილი - გერმანიის პრეზიდენტთან პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში, ეს ტრადიციად უნდა იქცეს

ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში, ეს ტრადიციად უნდა იქცეს, რათა მსოფლიოს ვაჩვენოთ, საქართველოს განვითარება დამოკიდებულია ქვეყნის რეგიონებზე და მათ სიმძლავრეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული.

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ცენტრალურია, რომ გერმანია ევროპაში პირველი დონორია. ასევე პირველი ჩვენი პარტნიორია ამ კუთხით ევროპული ქვეყნებიდან. ამ ეკონომიკურ ურთიერთობებში ძალიან დიდი პოტენციალია, რომელიც ჯერ კიდევ გამოყენებული არ არის და შეიძლება კიდევ გაიზარდოს. ამის სიმბოლოა ის, რომ ბატონი პრეზიდენტი კახეთს ესტუმრება და ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში. ეს ტრადიციად უნდა იქცეს იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე დამოკიდებული არ არის და დამოკიდებულია ქვეყნის რეგიონებზე და მათ სიმძლავრეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს კულტურული და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები.

„ასევე განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის რეგიონალური და კულტურული თანამშრომლობა. კულტურულ დარგში მემორანდუმს ხელი მოეწერება, რომელიც ამ დარგში ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. რომელიც უკვე ძალიან ძლიერია. ისტორიულად გერმანია ყოველთვის იყო ძალიან დაინტერესებული და ძალიან ახლოს ჩვენს კულტურასთან. ფრანკფურტის გამოფენა, რომელიც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი საქართველოს შესვლის ევროპულ სივრცეში, როგორც თავისი კულტურული ძალიან მრავალფეროვანი რესურსებით. ამის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი