სალომე ზურაბიშვილი - სომხეთის პრეზიდენტთან განვიხილეთ ინიციატივები, როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენს ბიზნესაქტორებს, რათა კონკრეტულ პროექტებზე დაიწყონ ერთობლივად ფიქრი
სალომე ზურაბიშვილი - სომხეთის პრეზიდენტთან განვიხილეთ ინიციატივები, როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენს ბიზნესაქტორებს, რათა კონკრეტულ პროექტებზე დაიწყონ ერთობლივად ფიქრი

ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ.

„სომხეთის პრეზიდენტს, სარქისიანს გავაცანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანთა უფლებების ხელყოფა, ჰუმანიტარული მდგომარეობის დამძიმება, განსაკუთრებით პანდემიის დროს და ესკალაცია. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის. რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე განვიხილეთ უკრაინაში შექმნილი საგანგაშო ვითარება. ესკალაცია და დესტაბილიზაცია ემუქრება შავი ზღვის რეგიონს და არა მხოლოდ. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვისაც დღეს დეესკალაცია. განვიხილეთ ჩვენი რეგიონის სამომავლო პოტენციალი, რომელიც უნიკალურია ეკონომიკის კუთხით, გაზრდილი ინტერესი სხვადასხვა გარე აქტორებისგან, ახალი გეგმები თუ პლატფორმები. ეს ყველაფერი ადასტურებს ამ რეგიონის ძალიან დიდ მნიშვნელობას, თუმცა კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება. კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ. ამავდროულად, კავკასია თავის სატრანზიტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით, მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია. კავკასიის და შავი ზღვის გავლით, აზიის და ევროპის დასაახლოვებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველასი და კერძოდ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, როგორც შემდეგი ინფრასტრუქტურული გეგმების განხორციელებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე და ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული პროექტების გაძლიერებაზე.

„ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული პროექტების გაძლიერებაზე და განხორციელებაზე. ვამაყობთ, რომ საქართველოს სომხური წარმოშობის მოქალაქეები სარგებლობენ ამ ქვეყანაში ყველა საშუალებით, რათა შეინარჩუნონ წინაპართა ენა და კულტურა. ამავე დროს მეტი უნდა გაკეთდეს და ძირითადად სახელმწიფოს მხრიდან, რათა სახელმწიფო ენას სრულყოფილად დაეუფლონ და მიიღონ სრულყოფილი ინტეგრაცია ქვეყნის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებაში.

ასევე, განვიხილეთ ზოგიერთი ინიციატივა, რაც შეიძლება, მიღებული იყოს ჩვენს დონეზე, როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენს ბიზნესაქტორებს, რათა კონკრეტულ პროექტებზე დაიწყონ ერთობლივად ფიქრი, მუშაობა და ამით გამოვიწვიოთ ინვესტორების ინტერესი არა მხოლოდ თითოეული ქვეყნისთვის, არამედ ერთობლივად, რადგან შესაძლოა, ბევრად მიმზიდველი იყოს ასეთი ფორმატი. ამაზე დავიწყეთ დღეს მსჯელობა, რაც გაგრძელდება, კონკრეტულ ფორმას მივცემთ. ამის დიდი იმედი მაქვს. ბედნიერი ვარ,  რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა დროთა განმავლობაში შენარჩუნდა და შენარჩუნდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.