სალომე ზურაბიშვილი - განცხადებას ალბათ მალე გავაკეთებ, ან ისეთს, ან ასეთს
სალომე ზურაბიშვილი - განცხადებას ალბათ მალე გავაკეთებ, ან ისეთს, ან ასეთს

პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობიდან მისი გასვლის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

„ჯერ ამ კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ. დღეს მე კომენტარს არ ვაკეთებ, არანაირ კითხვაზე არ ვცემ პასუხს. როცა დრო მოვა და  გადავწყვეტ განცხადება გავაკეთო, ან ისეთი, ან ასეთი, უთუოდ დაგიძახებთ“, – განუცხადა ზურაბიშვილმა პირველ არხს.

სალომე ზურაბიშვილი კომენტარს არც მის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატობაზე აკეთებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

„რომ მქონდეს გადაწყვეტილება მიღებული, განცხადებაც გაკეთებული იქნებოდა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მან არც იმაზე ისაუბრა, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“.

ამასთან, კითხვაზე, როდის გააკეთებს განცხადებას საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ეს მალე მოხდება.

„განცხადებას ალბათ მალე გავაკეთებ, ან ისეთს, ან ასეთს“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხს.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლა უკვე მოითხოვა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის უფლება არ აქვს.

ამ დრომდე, ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. არ არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ მის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი.