სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება [ვიდეო]

ბერლინში, ბელვიუს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე, ბელვიუს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაიმართება შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართავს შეხვედრას, ხოლო შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავებაა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს სტუმრობდა. ელისეს სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.