სალომე ზურაბიშვილი - ევროპაში უთუოდ შევალთ და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობითა და კულტურით
სალომე ზურაბიშვილი - ევროპაში უთუოდ შევალთ და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობითა და კულტურით

ჩვენ ევროპაში უთუოდ შევალთ და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობით, კულტურით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება ერთიანია ევროპული მომავლის საკითხის გარშემო.

„ჩემი არჩევითაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ხმა მისცა ევროპულ გზას. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებამ, უვიზო მიმოსვლამ ძალიან დიდი პერსპექტივები გაგვიხსნა. დასავლელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს. ეს პროცესი კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს. ახალ კონსტიტუციაში ასახულია ქართველი ხალხის ნება – საქართველოს შეუფერხებელი სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ. მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი მეგობრების დახმარებით ხელს შევუწყობ ამ პროცესს. ამისათვის გამოვიყენებ მთელ ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროკავშირში. ჩვენ თანამიმდევრულად გავაგრძელებთ მიზნისკენ სვლას, ღირსეულად გავუმკლავდებით შიდა თუ გარე გამოწვევებს, ბოლომდე მივიყვანთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. დემოკრატიული ცნობიერების ამაღლება ჩვენი ამოცანაა. ჩვენ ევროპაში უთუოდ შევალთ და უნდა შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, იდენტობით, კულტურით. ქართველებს შეგვიძლია, მსოფლიოს გამოვადგეთ უძველესი, მდიდარი, თვითმყოფადი კულტურით, რომელიც ქრისტიანობაზე დგას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქართულ ცივილიზაციას თამამად შეუძლია, დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიოში.

„ჩვენი იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი. უნდა გავზარდოთ ქართული კულტურისა და იდენტობის ცნობადობა საერთაშორისო არენაზე. კულტურა არის ის, რაზეც დგას სახელმწიფო. ამ მხრივ ძალიან ძლიერი საძირკველი გვაქვს. მას სჭირდება დაცვა, ყოველდღიური ზრუნვა და განვითარება. კულტურას მე ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ვაცხადებ. კულტურა განათლების გარეშე არ მოიაზრება და მინდა აქ ყველა პედაგოგს, მასწავლებელს ჩემი პატივისცემა გამოვუცხადო, რამეთუ ისინი ზრდიან ჩვენს შვილებს, ანუ ქმნიან ჩვენს მომავალს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.