სალომე ზურაბიშვილი - ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს, როდესაც ევროპის დროშები ფრიალებს თბილისში, ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან მწვავე ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან
სალომე ზურაბიშვილი - ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს, როდესაც ევროპის დროშები ფრიალებს თბილისში, ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან მწვავე ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან

ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს, როდესაც ევროპის დროშები ფრიალებს თბილისში, ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან მწვავე ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან, იმედი მაქვს, არ მოგვიწევს ლოდინი უფრო ღრმა კრიზისისთვის, რომ ევროპამ იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველებს უპირველეს ყოვლისა სჭირდებათ იცოდნენ, რომ მარტო არ არიან.

„მივდივართ „რუსულ“ არჩევნებამდე. რუსული ცხადია ბრჭყალებში, რადგან ეს იყო სისტემური და მასშტაბური გაყალბება ძალიან დახვეწილი ფორმით. ეს არ არის ჩვეულებრივი თაღლითობა, რომელიც შეიძლება, არჩევნებში იხილოთ. ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი, რადგან საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაიწყო გაცილებით ადრე. საარჩევნო კომისიაზე სრული კონტროლი მიენიჭა ხალხს, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარემ დანიშნა. რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული წესების მიხედვით არ დანიშნულა, არამედ დაინიშნა ხუთი წლის ვადით. ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა, რომელიც დაინერგა,  შემუშავებულ იქნა განსაკუთრებული ფორმით, რაიმე კონტროლის გარეშე, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა თითის ანაბეჭდის ან სახის ამოცნობა. ქოლცენტრები, რომელიც დაიგმო მანამდე, ხანდაზმულ ევროპელთა პენსიების გამოყენებისთვის და ამასთან დაკავშირებით არსებობს გამოძიებები, იგივე ქოლცენტრები იქნა გამოყენებული არჩევნების დროს. 3 500 მათგანი. ადმინისტრაციული რესურსები და  საჯარო სექტორის დაშინება არჩევნებამდე, რუსული სტილის პროპაგანდა. ამავე ვსაუბრობდი არჩევნებამდეც და არჩევნების განმავლობაშიც. პოსტერები, რომლებიც შესაძლოა, იხილეთ, სადაც თავმოყრილი იყო უკრაინაში განადგურებული კათედრალები, თეატრები და მეორე მხრივ, აყვავებული საქართველო, რომელსაც დაშოკა ქართული საზოგადოება, მოუწიათ მათი მოცილება, რადგან ეს არ არის ქართული გზა და ხასიათი. ეს პოსტერები იყო რუსული სტილის და ასეთივე ვიდეორგოლები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნებისთვის „დიდი ოდენობით შავი ფული  იყო გამოყენებული“.

„იყო ყველგან სიძულვილის ენა. საუბრები მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებისგან, რომ ოპოზიციურ პარტიებს მთავრობის დამხობა სურთ და ისინი არჩევნების შემდეგ აპირებდნენ მათ გაუქმებას, მათი ლიდერების დაპატიმრებას, ეს გრძელდებოდა და გრძელდებოდა. დიდი ოდენობით იყო გამოყენებული შავი ფული, დაახლოებით 600 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 200 მილიონი დოლარია, მისი გაყიდვა მოუწიათ ოქტომბერში, რომ აენაზღაურებინათ ის შავი ფული, რომელიც ამ ორი თვის განმავლობაში დაიხარჯა. არჩევნების განმავლობაში ვერ შეხვდებოდით პოლიციას. მე პირადად ვიხილე ძალადობა, რომელიც ხდებოდა ზოგიერთ უბანზე და დავურეკე შინაგან საქმეთა მინისტრს, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. ვერც მის მობილურ ტელეფონზე, ვერც სამთავრობო ქსელზე, ვერსად, ვერც მის მოადგილეს. ამ დრომდე არ გადმოურეკია უკან. არავითარი  სასამართლო, რომელიც დაადგენს დარღვევებს და განიხილავს წარდგენილ საჩივრებს. ერთი ძალიან ცნობილი შემთხვევის გარდა, რადგან ეს იყო შემთხვევა, რომლის დროსაც გამოიცადა ელექტრონული სისტემის კონფიდენციალურობის არარსებობა, იმ სახით როგორითაც ის გამოყენებულ იქნა. მოსამართლემ გამოიჩინა სიმამაცე, მხარი დაუჭირა ამ სარჩელს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და არც ერთი სხვა აპელაცია არ იქნა აღიარებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნების დროს დაირღვა ორი ძირითადი პრინციპი, რაც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ნებისმიერი შედეგი შესაძლოა, სრულიად განსხვავებული ყოფილიყო.

„პირველი ეს არის უნივერსალურობა ერთ მილიონზე მეტი ჩვენი დიასპორით, რომელთა უმეტესობა სტრასბურგშია. სხვათა შორის, სტრასბურგი ძალიან კარგი ქეისია, რადგან აქ საარჩევნო უბნის გახსნაზე უარი თქვეს. იმ დროს, როდესაც ჩვეულებრივ ამბობენ, რომ თუ არსებობს საელჩო, მაშინ შესაძლოა, უბნის გახსნაც, თუმცა სტრასბურგში, სადაც ბევრი ქართველია და სადაც ყველა წესი იყო დაცული უბნის გასახსნელად, ამის ნება არ დართეს. ერთი მილიონი დიასპორიდან მხოლოდ 34 000-მა შეძლო ხმის მიცემა. მთელი დიასპორა ძალიან მობილიზებული იყო, რადგან იცოდნენ, რომ ეს არჩევნები იყო არჩევანი ევროპა თუ რუსეთი. მეორე პრინციპი, რომელიც დაირღვა იყო კონფიდენციალურობა, იმის გამო, თუ როგორ იყო ელექტრონული სისტემა გამოყენებული. პლუს პარტიის კამერები იყო განთავსებული ყველგან აპარატებთან და კომისიის წევრები დანიშნული იყვნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ. ამის შესახებ სარჩელები წარვადგინეთ მეც და პოლიტიკურმა პარტიებმაც კონსტიტუციურ სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია  ე.წ. კონსტიტუციური სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.  თუმცა, გვქონდა იმედი, რომ ზოგიერთი მოსამართლე გაიგებდა, რომ კრიზისიდან გამოსავალია, აღიარონ, შედეგები იყო სრულად გაყალბებული და კონსტიტუციური გზით დაეშვათ ახალი არჩევნების ჩატარება. ეს იმედი არ გამართლდა. არსებობს კიდევ ერთი სარჩელი საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გსურს, გამოვიყენოთ ყველა კანონიერი გზა, რათა მივაღწიოთ პოლიტიკურ გამოსავალს ამ ძალიან ღრმა კრიზისიდან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ არ დაუტოვა დრო საკონსტიტუციო სასამართლოს, განეხილა წარდგენილი სარჩელები და პარლამენტის პირველი სხდომა გამართა, რაც ასევე ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა.

„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ დაჩქარებულ პროცესებს და დაჩქარებულ რუსულ გზას. კონსტიტუციის დარღვევა არა მხოლოდ არჩევნების დროს და მის შემდეგ. ფაქტი, რომ პარლამენტის პირველი სესია, რომელიც მხოლოდ ჩემს მიერ შეიძლება, იყოს მოწვეული, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ რომელიც იმ დროს არ იყოს პარლამენტის თავმჯდომარე და ეს არ არის აღიარებული კონსტიტუციით. მათ არ დაუტოვეს დრო საკონსტიტუციო სასამართლოს, განეხილა წარდგენილი სარჩელები და პარლამენტის პირველი სხდომა გამართეს დალოდების გარეშე, რაც ასევე ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. და რა თქმა უნდა 28 ნოემბერი. დეკლარაცია, რომელსაც ჩვენ ომად ვთვლით და რომელშიც საუბარია, რომ პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც იმ მომენტში ლეგიტიმურობა არ გააჩნდა, რადგან ეს არჩევნები იყო ღრმად საკამათო და ასევე არ გააჩნდა მანდატი ამისთვის, რადგან კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველოს თითოეულმა ინსტიტუციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს, დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ეს კონსტიტუცია დიდწილად დაწერილია იმავე პრემიერ-მინისტრის მიერ, რომელმაც ის დაარღვია და ყოველგვარი მანდატისა და უფლების გარეშე  ამბობს, რომ ის აჩერებს მოლაპარაკებებს, რომელიც ჯერ არც ყოფილა და რომლის დაწყებასაც ველოდით, რასაც რეალურად წყვეტს ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ყველაფერი კონტროლდება ერთი პარტიის მიერ ან ერთი კაცის მმართველობით.

„ეს რთული გასარჩევია. ის, რაც კონტროლს არ ექვემდებარება ოპოზიციური მედიაა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სამი მათგანიდან ორი, ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. ესეც სავარაუდოდ პროვოცირებულია, თუმცა რთული დასადასტურებელია ამ ეტაპზე. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც რუსული კანონის გამო, რა ფორმითაც მისი რეალიზება უნდა მოხდეს დამოკლეს მახვილის ქვეშ არიან. აქ ვდგავარ ორი იმპიჩმენტით და ის ფაქტი, რომ ერთ კვირაში ან ცოტა მეტში მე არ მექნება არავითარი უსაფრთხოება, რომელიც დამიცავს, თუმცა არც ვიცი ამ ეტაპზე უსაფრთხოება ნიშნავს თუ არა რამე ფორმით რეალურ უსაფრთხოებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახლა მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია და ისმის ბრალდებები პატარა ჯგუფებისგან, რომლებიც სხვადასხვა რაღაცებს მპირდებიან არჩევნების შემდეგ. პოლიტიკური პარტიებიც რჩებიან სახელმწიფოს კონტროლს მიღმა. ბევრი პოლიტიკური ლიდერი დააპატიმრეს, შემდეგ ისევ გამოუშვეს და ხელახლა დააპატიმრეს, მაგრამ მთავარი საფრთხე, ამაზე მეტი არის ის, რაც მანამდე დაანონსდა ბატონი ივანიშვილის, მთავრობის მიერ, ის, რომ პარტიების ნაწილი გაუქმდება და პირველ რიგში ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. ჩვენ ყველა მოგვნათლეს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად. ასე რომ, ეს ეხება თითქმის ყველა პარტიას. მათი თქმით, ჩვენ ყველა ვართ ფაშისტების, ლიბერალური ფაშისტები არის ახალი ტერმინი. ასევე, კონტროლს მიღმა რჩება სამოქალაქო საზოგადოება და თქვენ ყველამ იხილეთ სცენები, თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას, ნახეთ, რა რეპრესიების ფორმებს და დაშინების ფორმებს იყენებენ. მას ემატება ახალი კანონები, რომლებიც დაჩქარებული წესით მიიღეს მაშინ, როდესაც ხალხი ქუჩაში დგას და არავინ აქცევს ყურადღებას, რა ხდება პარლამენტში. ერთ-ერთი ასეთი კანონი იძლევა პრევენციული დაკავებების შესაძლებლობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონზე.

„კიდევ ერთი სერიოზული კანონი, რომელიც ეხება საჯარო სამსახურებს. ეს კანონი რეალურად ანადგურებს იმ სამუშაოს, რომელიც წლების განმავლობაში იყო შესრულებული, რათა გვქონოდა ძალიან ევროპული კანონი საჯარო სამსახურების შესახებ, რომელიც იძლეოდა დასაქმებულების მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის გარანტიას. ახლა ეს ჩანაწერები ამოიღეს, მათ შეუძლიათ, გაათავისუფლონ ნებისმიერი და დამცავი მექანიზმი არ არსებობს. მათ შეუძლიათ, წინ წაწიონ ნებისმიერი, მას არ მოეთხოვება კრიტერიუმებს დაკმაყოფილება და დიპლომი, ეს როგორც ჩანს, მათ მიერ დამკვიდრებული ახალი წესია. ეს რეალურად ნიშნავს, რომ საჯარო სექტორი იქნება პოლიტიზებული და ეს ასევე წარმოადგენს დაშინების ინსტრუმენტს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც აპროტესტებდნენ და აწერდნენ ხელს საპროტესტო პეტიციებს. მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები და განათლების სამინისტროს თანამშრომლები. ახლა ეს ადამიანები გრძნობენ, რომ ისინი არიან რაღაც ფორმით დაკვირვების ქვეშ და მათ წინააღმდეგ ზომები შეიძლება, იყოს მიღებული ნებისმიერ დროს. სახელმწიფოს მოდელის რუსიფიკაციის კიდევ ერთი ფორმა არის ტყუილები, როგორც მოდის ოპერენდი (მოქმედიების ხერხი). ჩვენ ვნახეთ ტყუილები რუსულ კანონთან დაკავშირებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი დებდა პირობას, რომ ეს კანონი არასდროს იქნებოდა წარდგენილი და წელიწადნახევარში ის ხელახლა წარადგინეს. ახლა უკვე თქვენც ყველა ხედავთ ტყუილს, როდესაც ოფიციალური განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც დააფიქსირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და რომელთა დაზუსტება მოგიწიათ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქართველები არ გაჩერდებიან, ვიდრე საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.

„კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი დამაზუსტებელი განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით ან სამთავრობო ტელეარხებით. ასე რომ, ხალხი რომელიც უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და რომლებიც უყურებენ ამ ტელევიზიებს, არ იციან, რომ მათი მთავრობა იტყუება და ტყუილის შემდეგ ესხმის თავს პარტნიორებს. საბოლოოდ მთავარი არის ის, რომ ეს არ არის პოლიტიკისა და პოლარიზაციის საკითხი და საქმე არ ეხება მთავრობას, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებებს, რომ არ ვუწოდოთ ავტორიტარიზმი, არამედ  საქმე ეხება რადიკალურ არჩევანს, რომელიც არჩევნების დროს ამომრჩევლებს წარუდგინეს. ეს არჩევნები ეხებოდა საქართველოს და მის მომავალს. მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, ვიდრე საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რადგან ეს არის ერთადერთი დემოკრატიული და პოლიტიკური გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ეს თქვენც გეხებათ, ეს ევროპას ეხება. პირველ რიგში ეს ეხება ევროპის სანდოობას. ქვეყანამ, რომელმაც ახლახან მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპა ვერ მისცემს უფლებას ამ ქვეყანას გათელოს ყველა დემოკრატიული ნორმა, ევროკავშირის თორმეტი და ცხრა რეკომენდაციის უარყოფით და უგულებელყოფით. ვერ მისცემს უფლებას, დაამციროს ყველა მისი მთავარი პრინციპი. ეს ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესებს. საქართველო იყო არის და დარწმუნებული ვარ იქნება დასავლეთს და ევროპის დასაყრდენი რეგიონში, რომლის აღებას რუსეთი ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს მისი იმპერიული ხანის პრინციპები, რომელიც ამბობდა, რომ ვინც ფლობს თბილისს, ფლობს მთელ კავკასიას. ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა. თუ საქართველო ჩავარდება რუსეთის კონტროლში და მე არ ვსაუბრობ სამხედრო ინტერვენციაზე, მე ვსაუბრობ საარჩევნო და კონსტიტუციურ ინტერვენციაზე, ფსონები ძალიან მაღალია, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ყველაფერს რაც ეხება ცენტრალურ და სამხრეთ აზიასთან დაკავშირებადობას, ეს ეხება სომხეთის ევროპულ მომავალს. ასე რომ, ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ საქართველო, საქართველოს დემოკრატია და მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური არჩევანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროპისთვის საქართველო არის მისი გლობალური ბრძოლის ნაწილი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მის წინააღმდეგ.

„სირიაში რუსეთის დამარცხების შემდეგ, განა მან საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში დამკვიდრება, განა საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა მოლდოვაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? მას შემდეგ, რაც ძალიან მალე დამარცხდება რუმინეთში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს? ეს არის კითხვები თქვენთვის, რადგან ის, რასაც რუსეთი ამოწმებს ახლა ჩვენთან გაცილებით იაფი ფორმაა ინტერვენციის. ის იყენებს მარიონეტებს ქვეყანაში, იყენებს ჩვენ საერთო დემოკრატიულ ინსტრუმენტებს, მაგალითად არჩევნებს და არჩევნების საშუალებით აწესებს მის წესებს და ძალას. გულწრფელები რომ ვიყოთ, ევროპას ამ მომენტამდე ჯერ ბოლომდე არ მიუღწევია. ევროპა ამ გამოწვევას ნახევრად გაუმკლავდა. ბოლო საგარეო მინისტერიალი იყო პირველი ნაბიჯი, მაგრამ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი და უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ქართველებს უპირველეს ყოვლისა სჭირდებათ იცოდნენ, რომ მარტო არ არიან.

„მინდა, შევეხო დეტალებს, რადგან ეს არის თქვენი თავისუფალი გადაწყვეტილებები. თქვენ ყველამ იცით, სად იბრძვიან ქართველები დღე და ღამე, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. როდესაც ევროპის დროშები ფრიალებს თბილისში, ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან მწვავე ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. იმედი მაქვს, არ მოგვიწევს ლოდინი უფრო ღრმა კრიზისისთვის, რომ ევროპამ იმოქმედოს. როგორ შეუძლია, ევროპას იმოქმედოს. პირველ რიგში არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ გვჭირდება მუდმივი პოლიტიკური ყურადღება უმაღლესი დონეებიდან, რადგან ქართველებს უპირველეს ყოვლისა სჭირდებათ იცოდნენ, რომ მარტო არ არიან, რომ გვაქვს თქვენი მხარდაჭერა. ეს არის, რაც ევროპარლამენტმა და დეპუტატებმა გააკეთეს თბილისში ჩამოსვლით, ეს იყო ემანუელ მაკრონის ძლიერი გზავნილი, მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება. გვჭირდება მეტი ვიზიტები საქართველოში, ისეთი ვიზიტები, რომლებიც პატივს სცემენ ჩვეულებრივ პრინციპებს, რადგან როგორც იცით და რისი გამოცდილებაც გაქვთ რუსეთთან, შესაძლებელია ამ ვიზიტების კარგად მანიპულირება, რადგან პროპაგანდაში ისინი საუკეთესოები არიან. ეს ვიზიტები მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის პერსპექტივიდან, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი არ ემსახურებიან სხვა მიზნებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა დაპატიმრებულების გათავისუფლება და წამებად კვალიფიცირებული ქმედებების ჩამდენი პირების სასამართლოს წინაშე პასუხისგებაში მიცემა.

„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტყუილს და დეზინფორმაციას, ამაზე ვსაუბრობთ თვეებია, მეტი თუ არა. შეუძლია ევროპას მიიღოს, რომ მას „ომის პარტია“ უწოდონ? შეუძლია ევროპას მიიღოს მისი ზოგიერთი ელჩის შეურაცხყოფა ქვეყანაში? შეუძლია, ევროპას მიიღოს და მისცეს საქართველოს მთავრობას საშუალება, ამტკიცოს, რომ ის ევროპისკენ მიდის? შეუძლიათ ევროპელებს მიიღონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია ტყუილი იტალიის, ესპანეთისა და რუმინეთის პოზიციის შესახებ? მეორე მიმართულება, სადაც ევროპას შეუძლია, იმოქმედოს, არის სამართლიანობა და ეს არის ის, რასაც ევროპა მხარს უჭერს. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ სწრაფად ციხეში მყოფი ასობით ადამიანი, რომელთაგან ზოგიერთს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება. უნდა იყოს ძალიან მჭიდრო მონიტორინგი და მე ვიცი, რომ ზოგიერთი ევროპელი ელჩი გუშინ დაესწრო სასამართლო პროცესს და ისინი საკმაოდ შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. ვფიქრობ, ასეთი ვიზიტები სასამართლოებში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმის სანახავად, თუ როგორ მუშაობენ ისინი. რა თქმა უნდა, საჭიროა დაპატიმრებულების გათავისუფლება და წამებად კვალიფიცირებული ქმედებების ჩამდენი პირების სასამართლოს წინაშე პასუხისგებაში მიცემა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახალი არჩევნები ასევე არის გზა, რომლითაც ევროპას შეუძლია, მხარი დაუჭიროს საქართველოს.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს ამ მიზანს, როგორც წინსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას. არ არსებობს, სხვა გზა, საკანონმდებლო ცვლილებები, სახის შენარჩუნების ზომები, ჩვენ ვიცით, რომ ამ ხელისუფლებას რუსული მოდელით შეუძლია, გადადგას ერთი ნაბიჯი წინ და ორი უკან, ან ორი ნაბიჯი უკან, ერთი წინ. არ მახსოვს, როგორი იყო ლენინის ფორმულა, თუმცა ისინი ამას საკმაოდ წარმატებულად იყენებენ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო და პრინციპული – ჩვენ ან მივდივართ არჩევნებისკენ, ან მივდივართ იქ, სადაც არ ვიცით, თუმცა დანამდვილებით ეს იქნება კრიზისი, რომელთანაც თქვენ მოგიწევთ გამკლავება უფრო ღრმა პირობებში. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები და უნდა იყოთ გეოპოლიტიკური ევროპა. ევროპა საქართველოს უმსხვილესი დონორია, საქართველოს უდიდესი ბაზარია, ევროპა არის სახლი უმსხვილესი ქართული დიასპორისთვის. ევროპამ უნდა მოძებნოს ბერკეტი მოქმედებისთვის. თუ ევროპას არ შეუძლია, გავლენა იქონიოს 3,7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანაზე, როგორც აპირებს ის კონკურენციის გაწევას 21-ე საუკუნის გიგანტებთან? ევროპას აქვს საკუთარი გავლენა – ის ასევე არის სასურველი მიმართულება ქართული კორუმპირებული ელიტისთვის და ხელმძღვანელობისთვის. ისინი ეწევიან პოსტსაბჭოთა რუსული მმართველობის იმპორტს საქართველოში, თუმცა მოხარული არიან, შეინახონ და დახარჯონ თავიანთი ფული ევროპაში. მათ სურთ რუსული კორუმპირებული მმართველობა ქართველებისთვის, თუმცა საკუთარი თავებისთვის ევროპა უნდათ. ასე რომ, არის ბევრი გზა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ, ქართველების გვერდით დადგეთ, რადგან საქართველო გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქართველები არ შედრკებიან, თუმცა ელოდებიან, რომ ევროპა იმოქმედებს.

„საერთოდ არ მინდა, შევადარო უკრაინის სიმამაცესა და ტრაგედიას, თუმცა უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ. საჭიროა მათი ბოლომდე მხარდაჭერა. მეორე მხარეს, ჩვენ ვართ საცდელ მოედანზე, ვიბრძვით, რა თქმა უნდა, არა სამხედრო გზით, თუმცა ვებრძვით შიშველი ხელებით სხვადასხვა გზით იმას, რასაც აქვს პირდაპირი და ნათელი კავშირი ყველა ჩვენგანის მომავალთან. კითხვა, რომლის დასასმელადაც აქ მოვედი, მარტივია, დააჩქარებთ თქვენ გარდამავალ პერიოდს, თუ მისცემთ საშუალებას, რომ გახანგრძლივდეს მთელი ზამთარი, ქართველები არ შედრკებიან, თუმცა ელოდებიან, რომ ევროპა იმოქმედებს, რათა ჩვენ შევძლოთ ერთად დავიცვათ ევროპა და მისი ღირებულებები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.