სალომე ზურაბიშვილი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტ პიერ ჰეილბრონს შეხვდა.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევრობანკის სამომავლო ინვესტიციებს საქართველოში, განსაკუთრებით ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველოში ბანკმა რეკორდული ინვესტიცია განახორციელა.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ საინვესტიციო ფორუმში ვიღებთ მონაწილეობას. ეს ქვეყნები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ 1200 პროექტში 25 მილიარდი ევროს ინვესტირება განვახორციელეთ. შესანიშნავია, რომ ამ ფორუმზე შესაძლებელია კერძო ინვესტორებთან უშუალო კონტაქტი. ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას”, – აღნიშნა ჰეილბრონმა.