სალომე ზურაბიშვილი - ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ცარიელი სკამებია
სალომე ზურაბიშვილი - ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ცარიელი სკამებია

​ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ცარიელი სკამებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხშირად ისმის კითხვა, რატომ არ ასრულებს პრეზიდენტი მედიატორის როლს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებზე.

„ყველა ადამიანს, ვინც აქ არის, ძალიან კარგად გვესმის ამ დღის მნიშვნელობა. მინდა, მივესალმო საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლეს, რამეთუ მისი მეუღლე წარმოადგენს დამოუკიდებელ საქართველოს. ის არის ამ დღის ავტორი. რომ არა მისი გადაწყვეტილება, ჩატარებულიყო რეფერენდუმი, ალბათ არც შედეგს მივიღებდით, დამოუკიდებლობის აქტს, რომელმაც დააარსა თანამედროვე საქართველო. არავის აქვს უფლება, ეს უზარმაზარი დამსახურება დაივიწყოს.

მივესალმები აქ მყოფ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რამეთუ ამ 30 წლის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. როგორც ხედავთ, დღესაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ კიდევ გვჭირდება ეს მხარდაჭერა ბევრი სხვადასხვა კუთხით, პოლიტიკურად, სტრატეგიულად, ეკონომიკურად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვართ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მივესალმები აქ მყოფ პოლიტიკურ პარტიებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ცარიელი სკამია დღეს პრეზიდენტის სასახლეში, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ერთიანობის, დამოუკიდებლობის და ისტორიულ დღეს. კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც პარტიების ნაწილი მოდიოდა, თუნდაც ნახევარი საათის წინ და ბოლო წუთში რაღაც მოხდა, რაც ალბათ აჩვენებს იმას, რომ ისეთი დამოუკიდებლები არ არიან, როგორც ჩვენ ვისურვებდით, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტია იყოს.

სამწუხაროა ასევე იმიტომ, რომ მე მესმის წამოძახილები, რატომ არ თამაშობს პრეზიდენტი მედიატორის როლს. მეც ვეთანხმები იმაში და ნათქვამიც მაქვს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი პოლიტიკური პროცესების და არ უნდა ვიყოთ მუდმივად მიბმული იმაზე, რომ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა გადაწყვიტონ და დაგვეხმარონ პროცესებში. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა შეასრულოს პრეზიდენტმა მედიატორის როლი, როდესაც ცარიელი სკამებია.

ამის შემდეგ, მინდა ვთქვა ერთი რამ. მინდოდა, როგორც წინა წლებში, მომეწვია უზენაესი საბჭოს წევრები, რადგან მათი ადგილი დღეს ნამდვილად უნდა იყოს, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე, არ მქონდა საშუალება, ყველა მომეწვია და ძალიან ძნელი იქნებოდა, რომ არჩევანი გამეკეთებინა. ამიტომ მინდა, ჩათვალონ თითოეულმა მათგანმა, რომ დღეს აქ არიან, მათი ადგილი ნამდვილად არის საქართველოს ისტორიაში.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დავპატიჟეთ ახალგაზრდული პარლამენტის რამდენიმე წარმომადგენელი. ძალიან მიხარია, რომ აქ იმყოფებიან როგორც სიმბოლო, რომ ახალგაზრდობა, მომავალი თაობა ამ დღეს სრულიად იზიარებს და ეს დღე მათთვის კიდევ უფრო საკრალური უნდა იყოს. ეს დღე არის გარანტია, რომ ჩვენი მომავალი იქნება დამოუკიდებელი, ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.