სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 11 ივნისს სალომე ზურაბიშვილი კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვა და რეფორმებზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე, საქართველოს შრომის კანონმდებლობასა და სხვა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ჯალაღანიას განცხადებით, კონფერენცია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს, ორგანიზაციის 100 წლისთავს ეძღვნება, ამიტომ ორგანიზაციის ლიდერებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა მიეღო მაღალი რანგის სტუმრებს – კონფერენციას ესწრება 40 ქვეყნის ლიდერი და 190-მდე ქვეყნის 5000 დელეგატი.

„საქართველოს პრეზიდენტი მისასალმებელი სიტყვით მიმართავს კონფერენციის დელეგატებს და საქართველოს რეფორმებზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე და ჩვენი ქვეყნის შრომის კანონმდებლობის, თუ დასაქმების მიმართულებით არსებულ თანამედროვე პრობლემატიკაზე ისაუბრებს“, – აღნიშნა დავით ჯალაღანიამ.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ჟენევაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, კოლეგებთან შეხვედრები იქნება როგორც პროტოკოლური, ასევე არაფორმალური.