სალომე ზურაბიშვილი -  დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სიტყვების დრო დასრულდა, საქმის დრო დაიწყო
სალომე ზურაბიშვილი - დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სიტყვების დრო დასრულდა, საქმის დრო დაიწყო

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებამ მიიღოს სრულყოფილი სახე უკრაინასთან, მოლდოვასთან ერთად. შევთავაზე პრეზიდენტს, რომ ივლისში, როცა ტარდება ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ევროკავშირთან, ეს კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად და ევროკავშირთან ერთად დავპატიჟოთ უკრაინის, ასევე მოლდოვის პრეზიდენტი და ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმა შეიძლება, მიიღოს ამ ასოცირებამ, ფორმატმა, რომელიც გვაკავშირებს ამ სამ ქვეყანას და ევროკავშირს, რასაც აქვს ძალიან დიდი მომავალი, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელთან ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე.

„ასევე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს ორი რეალურად ერთმანეთს ავსებს, ორივე არის ის ძალიან მჭიდრო კავშირები, რაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან და რომელიც უნდა ავამოქმედოთ სრულყოფილად, ისე, რომ ამით ჩვენ ამ რეგიონში შემოვიტანოთ მეტი სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება. ამაში ჩვენი ინტერესიც არის და ცხადია, ევროკავშირის ინტერესიც არა მხოლოდ ჩვენს მიმართ, არამედ მთლიანად რეგიონის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ის პროგრამები, რომელიც ფიზიკურად ადამიანებს აკავშირებთ და აახლოებს ერთმანეთთან, ანუ კულტურა და განათლება. ეს არის ის ორი მიმართულება, სადაც საქართველო უნდა წავიდეს რაც შეიძლება შორს. მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა და ევროკავშირის მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ნამდვილად ერთ ოჯახს ეკუთვნიან. მგონია, შემიძლია დღეს ვთქვა, რომ სიტყვების დრო დასრულდა, დაიწყო საქმის დრო. ქვეყანა გველოდება, მგონი, ევროპაც გველოდება. შემიძლია ჩემი მხრიდან ვთქვა, რომ საქართველო  მზად არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.