სალომე ზურაბიშვილი - დღეს ევროპის მოედანზე ვარ არა როგორც პრეზიდენტი, არამედ ერთი მოქალაქე, რომელსაც სწამს, რომ საქართველოს ევროპის გარდა სხვა მომავალი არ აქვს
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ევროპის მოედანზე ვარ არა როგორც პრეზიდენტი, არამედ ერთი მოქალაქე, რომელსაც სწამს, რომ საქართველოს ევროპის გარდა სხვა მომავალი არ აქვს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი მიზანი იყო, ევროპის მოედანზე დღევანდელი შეკრება არ ყოფილიყო პარტიული შეხვედრა. ზურაბიშვილის თქმით, ევროპის მოედანზე შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურთ, დღეს გამოხატონ, რომ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს აქციაზე იმყოფება არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც სწამს, რომ საქართველოს ევროპის გარდა, სხვა მომავალი არ აქვს.

„ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად, ჩემი მიზანი და არჩევანი იყო, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ არიან მოქალაქეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოხატონ, რომ ჩვენ გვჯერა, საქართველოს ბედი, საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის წყნარად. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა არის მოსული თავისუფლად, არავის არ აქვს სხვაზე მეტი უფლება. სხვათაშორის, თქვენთვის შეიძლება, უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს ჰკითხოთ, რატომ არიან მოსული და რომ ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. მე ვარ ერთი რიგითი, არ ვარ აქ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ ან არ უნდა, აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ და დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი – მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რომელსაც სჯერა, სწამს, რომ ამ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე, ვიდრე შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან და შემდგომ თუ საჭირო გახდა, სხვა ადგილიდანაც, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს თქვენი შვილებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა 20 ივნისის აქციაზე მისვლას, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პარტიულ ღონისძიებებში არ მონაწილეობს.

კითხვაზე, მმართველი გუნდი რომ არ მივიდა მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რას ნიშნავს ეს პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „მე გეტყვით, ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას და ა.შ. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის, თავისუფალი ხედვის, ეს უნდა ვისწავლოთ და ვისწავლით დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანია, ამას ხელი არავინ შეუშალოს“.

ევროპის მოედანზე იმყოფებიან ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ესტონეთის, ბულგარეთის ელჩები და სხვა საელჩოების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, 16 ივნისს ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.