სალომე ზურაბიშვილი დღეს ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ საინაუგურაციო რეისით იმგზავრებს
სალომე ზურაბიშვილი დღეს ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ საინაუგურაციო რეისით იმგზავრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანიის „ეარ ფრანსის“​ (Air France) საინაუგურაციო რეისით იმგზავრებს, რომელიც ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს.

„ეარბას A 320“ ტიპის საჰაერო ხომალდი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20:10 საათზე დაეშვება.

საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.

„ეარ ფრანსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200 მეტი მიმართულებით ოპერირებს.

ფრენები პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 23 ოქტომბრამდე კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: ჩამოფრენა კვირას და ოთხშაბათს, გაფრენა – ორშაბათსა და ხუთშაბათს. რეისები „ეარბას“ ა320 და ა321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.