სალომე ზურაბიშვილი - დაპირისპირების დრო არ არის, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ
სალომე ზურაბიშვილი - დაპირისპირების დრო არ არის, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ

მინდა, მოვუწოდო ყველას, დაპირისპირების დრო არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც ავთანდილ იოსელიანს, სიკვდილის შემდეგ, ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა და უმაღლესი ჯილდო მის მეუღლეს გადასცა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველო კიდევ ერთხელ გადის მისთვის უკვე ჩვეულებრივ გამოცდებს.

„კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. კიდევ ერთხელ იჩინა თავი შიდა დაქსაქსულობამ, დაპირისპირებამ; ჭარბობს შური და ღვარძლი, რაც ესოდენ ასუსტებს სახელმწიფოს და მხოლოდ მტერს თუ გაახარებს. დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ და იკვრებოდნენ განსაცდელის დასაძლევად; ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას: დაპირისპირების დრო არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ; როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ჩვენს დღევანდელ დასუსტებას. დაპირისპირების დრო არ არის მაშინ, როდესაც ცხინვალში ჩვენი ღირსეული ექიმის გათავისუფლებისთვის უნდა იყოს მიმართული ჩვენი საყოველთაო ძალისხმევა და ეს ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, სამართლიანი არჩევნების გზით გამოხატონ საკუთარი ნება.

„მინდა, მოვუწოდო ყველას: პარლამენტში – იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას.

რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.