სალომე ზურაბიშვილი და ეუთო-ს გენმდივანი საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენციის - ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, ჩატარებაზე შეთანხმდნენ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდს შეხვდა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი და ეუთოს გენერალური მდივანი, პრეზიდენტის ინიციატივის – საქართველოში ქალი ლიდერების კონფერენცია – ქალების როლი მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეს და ხაზი გაუსვეს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიების, განსაკუთრებით კი, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეფაქტო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად გაუარესებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ასევე – ოკუპირებული რეჟიმის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევასა და გატაცების ფაქტებზე, კერძოდ ზაზა გახელაძის საკითხზე. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერებისა და ფორმატის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობას.
სალომე ზურაბიშვილმა და ჰელგა მარია შმიდმა რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლს გაუსვეს ხაზი.