სალომე ზურაბიშვილი - ჩვენთვის იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, ვგეგმავ ამ ქვეყანაში ვიზიტს
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენთვის იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, ვგეგმავ ამ ქვეყანაში ვიზიტს

ვატიკანში ვიზიტის გარდა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიაში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ მან გამოცემა Agenzia Nova Srl-სთან საუბრისას განაცხადა.

„აგრეთვე ვგეგმავ იტალიაში ჩასვლას. 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჯიო მატარელას ვუმასპინძლეთ და ახლა საპასუხო ვიზიტის დროა. ჩვენთვის იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. თქვენ იცით, რამდენს ვმუშაობთ ინტეგრაციის მისაღწევად. 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს წარვადგენთ და ვნახავთ ამის საპასუხოდ, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან რა სახის კონსენსუსი იქნება მიღწეული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ისტორიული წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვება. ევროკავშირის ის ახალი წევრი-ქვეყნები, რომლებთან ერთად საბჭოთა კავშირში ვიყავით, უფრო მეტად დაუჭერენ მხარს ჩვენს ევროინტეგრაციის გზას და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წარმატებებს მივაღწიოთ. იტალია აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ ამ ქვეყანაში დიდი ქართული საზოგადოებაა წარმოდგენილი. ბევრმა მათგანმა აქ სხვადასხვა სახის გამოცდილება მიიღო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ისინი ჩვენ გაგვიზიარეს. იმ ადგილების მონახულება, სადაც ჩვენი თანამემამულეების უმეტესობაა, მაგალითად ქალაქი ბარი, ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იტალიაში ვიზიტის კიდევ ერთი თემა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაა.

„კორონავირუსის პანდემიას უკან ვიტოვებთ და ამ კონტექსტში ეკონომიკის განვითარების სტიმულირება მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ რომში ტურიზმის ნელი, მაგრამ პოზიტიური განახლება დავინახე და იმავეს თბილისში ვხედავ. შეგვიძლია გამოცდილების გაცვლა ამ სფეროში, მაგრამ ამავდროულად, არსებობს სხვა სფეროებიც, მაგალითად აგროკვებისა და ღვინის სექტორი. საქართველო ამ ბაზარზე ახლახანს შემოვიდა, მაგრამ ჩვენ ისტორიულად ღვინის ინდუსტრია გვაქვს და ამ სფეროში მუშაობაც შეგვიძლია.

ჩვენი საელჩო რომში აგრეთვე თანამშრომლობს იტალიურ კომპიანებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან, დაგვეხმარონ რამდენიმე სპორტული ღონისძიების ჩატარებაში, რომლებსაც უახლოეს წლებში ვუმასპინძლებთ – 2022 წელს ევრობასკეტს და 2023 წელს სათხილამურო „ფრისტაილსა“ და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.