სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის მხრივ პროგრესის კუთხით, არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვაკეთებთ მაქსიმუმს
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის მხრივ პროგრესის კუთხით, არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვაკეთებთ მაქსიმუმს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო აუცილებლად იქნება ევროსაბჭოს ძალიან აქტიური წევრი.

„ქალბატონო გენერალური მდივანო, მინდა, პირადად გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი თავმჯდომარეობის მომზადებაში თქვენს მიერ შეტანილი წვლილისთვის. საქართველო პირველად გახდა თავმჯდომარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ განვიხილეთ პრიორიტეტები, რომლებიც საქართველომ წარადგინა ექვსთვიანი თავმჯდომარეობისთვის. დიდი იმედი მაქვს, გვექნება პროგრესი ყველა ამ მიმართულებით. ჩვენ ვადასტურებთ ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ პროგრესის კუთხით. არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აშენებს საკუთარ თავს როგორც სახელმწიფოს და თავის ინსტიტუტებს. ვფიქრობ, ამ მხრივ პროგრესი საკუთარ თავზე მეტყველებს. მადლობელი ვართ კონსოლიდირებული ანგარიშისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რადგან, ვფიქრობ, ის არის ერთადერთი, რომელიც რეგულარულად აფასებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა განვითარებულ მოვლენას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ბოლო თვეებსა და წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ რთული ვითარება ჰქონდა.

„თქვენ ახსენეთ ექიმი გაფრინდაშვილის საკითხი და ძალიან სიმბოლურია, რომ ის გაათავისუფლეს. ეს გათავისუფლება იყო საერთაშორისო საზოგადოების რეალური ჩართულობის შედეგი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას ამისთვის, ასევე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც იყვნენ ძალიან აქტიურები. ვფიქრობ, ეს ფაქტი არის გზავნილი, თუ ყველა ერთიანია, შედეგებს მივაღწევთ. ჩვენ უნდა გავატაროთ ზომები, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის მოპოვება შევძლოთ, შევძლოთ დაძაბულობის დეესკალაცია, რაც ჩვენთვის მთავარი საკითხია. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე დაფუძნებული გზა და საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა რეკომენდაციის შესრულება. ეს არის საქართველოს გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ შეცვლის და ვერავინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.