სალომე ზურაბიშვილი - ევროსაბჭოში ოკუპაციის საკითხზე მიიღეს ბევრი რეზოლუცია, ეს არ არის საკმარისი, გვჭირდება ცვლილებები და დეესკალაცია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე
სალომე ზურაბიშვილი - ევროსაბჭოში ოკუპაციის საკითხზე მიიღეს ბევრი რეზოლუცია, ეს არ არის საკმარისი, გვჭირდება ცვლილებები და დეესკალაცია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე

ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო ევროპაში შესვლის ოცნების განხორციელება და მაშინ დაწყებული სვლა არასდროს შეცვლილა, არასდროს შენელებულა, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ, ჩვენი თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჰენდრიკ დამსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ჰენდრიკ დამსის ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა, მოგილოცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა და გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის აქ ყოფნა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, რადგან ეს არის ის, რაზე ვერც კი ვიოცნებებდით 21 წლის წინ, როდესაც შევუერთდით ევროსაბჭოს. ევროსაბჭოში გაწევრიანება უკვე იყო ევროპაში შესვლის ოცნების განხორციელება და მაშინ დაწყებული სვლა არასდროს შეცვლილა, არასდროს შენელებულა. ეტაპობრივად და თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისკენ, ჩვენი თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებისკენ. ბევრი აქედან არის თქვენი, ევროსაბჭოს დამსახურება, თქვენი მხარდაჭერისა და ზოგჯერ თქვენი კრიტიკის, რადგან გარკვეული კრიტიკის გარდა, არავინ მიმართავს ძალისხმევას. საქართველომ ეს ყველაფერი გააკეთა არსებული რთული სიტუაციის, კონფლიქტების, ოკუპირებული ტერიტორიების, დაძაბულობისა და საფრთხეების მიუხედავად. ეს არის ის, რასაც საქართველო გადის და ამავე დროს აშენებს ინსტიტუტებს, იცავს ადამიანის უფლებებს და ქმნის თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებას, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მომდევნო ეტაპია საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა, რათა საქართველომ გამოავლინოს საკუთარი თავი, როგორც ქვეყანამ, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეუძლია გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება.

„შეხვედრაზე სიღრმისეულად განვიხილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ამ მხრივ წინსვლა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროსაბჭოს მხარდაჭერაზე,  რომელიც ყოველთვის ჩვენს მხარეს იდგა და სადაც მიიღეს არაერთი რეზოლუცია. ეს არ არის საკმარისი, დღეს ჩვენ გვჭირდება მოძრაობა, ჩართულობა, ცვლილებები და დეესკალაცია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს სრულ ტერიტორიაზე წვდომა. გვჭირდება ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორისა და ორგანიზაციის ჩართულობა, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, მოგვარდეს და ოკუპაცია დავძლიოთ. დეოკუპაცია ჩვენი საერთო მიზანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.