სალომე ზურაბიშვილი - ჩნდება იზოლაციის საფრთხე, იზოლაცია ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი
სალომე ზურაბიშვილი - ჩნდება იზოლაციის საფრთხე, იზოლაცია ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი

ჩნდება იზოლაციის საფრთხე, იზოლაცია ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვამ შეძლო მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში, რაც საქართველოს არ გაუკეთებია და ეს ყველაფერი კითხვებს სვამს პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ, რამაც ქვეყანა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როცა არ გვყავს არც მეგობარი, არც მოკავშირე, ვინც ბოლომდე დაიცავს საქართველოს პოზიციას.

„კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა, სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა, ასევე გაღიზიანებას აჩენს ყველა ჩვენი პარტნიორისგან, რამეთუ ადვილი არის ამაზე პასუხი. თუნდაც ის, რაც გააკეთა მოლდოვამ, ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არავის არც მისგან და არც ჩვენგან მეტი სანქცია, ესეც უნდა ითქვას, არც ომში ჩართვა მოუთხოვია არავის მისგან და არც ჩვენგან, მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც, როგორც ჩანს, ჩვენ გვიჭირს – შეძლო გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ კიარა, არ გაგვიკეთებია და ეს ყველაფერი, ცხადია, კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნებისა და მზადყოფნის შესახებ. ამ ყველაფერმა ძალიან მოკლე, რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. არგუმენტებიც არ მიგვიწოდებია, რითაც დაგვიცავენ და ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ყველაზე უფრო დავაზიანეთ და გავანაწყენეთ. მაგალითდ, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა ყველა ამ საკითხში და თუნდაც, ომის დროს. ამდენად, ჩნდებასაფრთხე იზოლაციის, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და რაც ბევრად დიდი, რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი.

ოპოზიციამ, და უფრო სწორად, მისმა რადიკალურმა ფრთამ, ცხადია, ძალიან დამაზიანებელი როლი ითამაშა, თუმცა აქ უნდა ითქვას, რომ გვყავს ასევე კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია. ამ საკითხში რაც უნდა მძაფრი, უსამართლო და დესტრუქციული ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, ბრიუსელში პასუხისმგებლობა დღევანდელ სიტუაციაზე ხელისუფლებაზეა და ამას ვერავის გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.