სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.

შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

შეხვედრაზე მათ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესთან დაკავშირებით ისაუბრეს. ცესკო-ს თავმჯდომარემ პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მეტად გამჭვირვალედ, კოვიდრეგულაციების დაცვითა და უსაფრთხოდ ჩატარებისათვის გაწეული ღონისძიებებისა და იმ სიახლეების შესახებ, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის იგეგმება. ასევე ინფორმაცია გააცნო იმ საპილოტე პროექტის თაობაზე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. პრეზიდენტმა და ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარების დელეგაციას, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან.

შეხვედრებისას საუბარი შეეხო ადგილობრივ არჩევნებს, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ აქტორების შორის პოლარიზაციას და მის შესამცირებლად სამოქალაქო საზოგადოების როლს, არჩევნებში ქალების ჩართულობასა და მათი გააქტიურების მნიშვნელობას.

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაიკლ გალერმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვება და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ, მშვიდად ჩატარდება. ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო შარლ მიშელის დოკუმენტს და ევროკავშირთან ასოცირებისათვის განსახორციელებელი რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათ სჯერათ ქვეყნის ევროპული გზის და ამ გზაზე წარმატებებს უსურვებენ საქართველოს.

ევროპარლამენტარები: მაიკლ გალერი, მირიამ ლექსმანი, მარინა კალიურანდი, კატალინ ჩეჰი, მარკეტა გრეგოროვა, ჯორდი სოლე და ანა ფოტიგა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან ერთად ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დატოვე კომენტარი