სალომე ზურაბიშვილი - აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს, როგორი პრეზიდენტი ვიქნები და რისთვის მოვდივარ, დებატები კი სწორედ ამისთვის არის საჭირო
აუცილებელია, საზოგადოებამ გაიგოს, როგორი პრეზიდენტი ვიქნები და რისთვის მოვდივარ, დებატები კი სწორედ ამისთვის არის საჭირო, რომ თემები გაიშალოს და ამ ჭაობიდან გამოვიდეთ, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იღებს თუ არა ის დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატების, დავით უსუფაშვილის, კახა კუკავასა და გიორგი ლილუაშვილის გამოწვევას, რომლებმაც ამის შესახებ გადაცემაში განაცხადეს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეკითხვას დღეს არ უპასუხებს.
„მთავარია ის მთავარი დებატი, რომელიც საზოგადოებისთვის გარკვევის საშუალება უნდა იყოს, თუ რა ხდება და რა ფორმით აპირებს ამ სრულიად არაევროპულ ბრძოლაში ჩართვას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავისი ორი, თუ მრავალი სახით არის წარმოდგენილი, რადგან ის კიდევ ბევრი კანდიდატის სახით არის წარმოდგენილი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის ერთადერთი თემა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება, ვანო მერაბიშვილის გამოშვება და ძველ სისტემაში დაბრუნებაა, მაგრამ ის წინ იხედება და ამას არ დაუშვებს.