სალომე ზურაბიშვილი - არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა, ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოს მომავლისკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარასდროს მოხდება
სალომე ზურაბიშვილი - არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა, ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოს მომავლისკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარასდროს მოხდება

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გამოეხმაურა.

„ორი წლის წინ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა. დღეს ჩვენ, როგორც ერი, ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ დღეს. ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოს მომავლისკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარასდროს მოხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა. დღეს წილკანში ქართველი გმირის სახელობის სკვერი გაიხსნა.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, დაბა ახალგორში დააკავა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. 2018 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა შევიწროებისა და მკვლელობის გამო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი აქვს შეტანილი საქართველოს სახელმწიფოსაც.