სალომე ზურაბიშვილი - არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა, სადაც არ მიხსენებია ტოლერანტობა, როგორც ერთ-ერთი იმ ფასეულობათაგანი, რომელიც ევროპაში უნდა გავიტანოთ
სალომე ზურაბიშვილი - არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა, სადაც არ მიხსენებია ტოლერანტობა, როგორც ერთ-ერთი იმ ფასეულობათაგანი, რომელიც ევროპაში უნდა გავიტანოთ

ეთნიკური შუღლს თქვენ აღვივებთ, რადგან მე ქსენოფობიური, ანტისახელმწიფოებრივი და ეთნიკური შუღლის გამღვივებელი არაფერი მითქვამს, – ასე მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძეს პირველი არხის გადაცემაში, „დებატები 2018“.

„თქვენ მუდმივად ტყუილი ციტატები მოგყავთ. ნინოწმინდაში შეხვედრის დროს მე მხოლოდ იმ პირობებს ვადარებდი, როცა ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ მინიჭებით იყო და ორი სხვადასხვა პრეზიდენტი სხვადასხვანაირად იქცეოდა. ეს ვთქვი იმისთვის, რათა მეთქვა, რომ ამ დღიდან, როცა ახალი კონსტიტუციაა მიღებული, ყველას ერთნაირად შეუძლია, იმავე პირობებით ისარგებლოს, რაც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის შეკითხვას უპასუხა, ესმის თუ არა, რომ სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური შუღლის გაღვივებით, საქართველოში სტაბილურობას პირდაპირ ეჭვის ქვეშ აყენებს, რადგან ნინოწმინდაში შეხვედრის დროს მის მიერ გაკეთებული განცხადება 15 მთავარი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეფასდა, როგორც ქსენოფობიური, ანტისახელმწიფოებრივი და ეთნიკური შუღლის გამღვივებელი.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვა, განემარტათ, რა განცხადებების საფუძველზე გააკეთეს ეს განცხადება, მაგრამ ჯერ არავინ შეხმიანებია. 

„მე ხელს ვაწერ ამ განცხადებაზე და ყველა იმ განცხადებაზე, რაც რეგიონებში მიმოსვლის დროს ჩემ მიერ გაკეთდა. არ მგონია, რომ თქვენი მხრიდან, რომელიმე კანდიდატს ტოლერანტობაზე და ეთნიკურ, ან რელიგიურ უმცირესობებზე ისეთი აქცენტი ჰქონდეს, როგორიც მე მაქვს. სხვათა შორის, ამ კამპანიის დროს, მე კათოლიკე დამარქვეს, თითქოს, ეს რაღაც დანაშაული იყოს. მე კათოლიკე არ ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კათოლიკობა საქართველოში რაღაც ნაკლია. საქართველოში არსებობდნენ და დღესაც არსებობენ ქართველი კათოლიკები, რომლებიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი გვარ-ელიტა იყვნენ და მათ პატივი უნდა ვცეთ ისევე, როგორც ყველა სხვა რელიგიასა და ეთნიკურ წარმომავლობას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის ევროპაშია აღზრდილი, სადაც ტოლერანტობა იმავე დონეზეა, როგორც ეს ქართულ კულტურაში იყო და არის.

„ეს ორი კულტურა ჩემშია და იმ კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ან თბილისში ჩემი არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა, სადაც ტოლერანტობა არ ვახსენე, როგორც ერთ-ერთი იმ ფასეულობათაგანი, რომელიც ჩვენ ევროპაში უნდა გავიტანოთ, რადგან შესაძლოა, დღეს, ზოგჯერ, ევროპა ამ ფასეულობას კარგავდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ეთნიკურ შუღლს ის აღვივებს, ვინც ამ კუთხით, არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და ასეთი თემები ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააქვს.

„ეს საქართველოსთვის ცეცხლთან თამაშია და იმის უფლება არავის არ აქვს, საზღვარგარეთ ისეთი თემები გაიტანოს, რომელიც არც შემოწმებულია და არც საფუძველი გააჩნია. ვფიქრობ, ამით სპეკულირება ანტიქართული გამოხტომაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.