სალომე ზურაბიშვილი - ზღვა ცილისწამება და ლანძღვა წამოვიდა ჩემი მისამართით, მაგრამ არასამთავრობოებს ჩემი უფლებები არ დაუცავთ
სალომე ზურაბიშვილი - ზღვა ცილისწამება და ლანძღვა წამოვიდა ჩემი მისამართით, მაგრამ არასამთავრობოებს ჩემი უფლებები არ დაუცავთ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებთანაც მომავალში ძალიან მჭიდრო ურთიერთობა დამჭირდება, ჩემი უფლებები არ დაიცვეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ასეთი მიმართვა ტელევიზიის გენდირექტორი მხრიდან, მიუღებელია.

„მე მქონდა ელჩებთან ორი შეხვედრა, სადაც გავაცანი გვარამიას ტექსტი. ასევე გამოვთქვი მწუხარება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებთანაც მომავალში მე დამჭირდება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა როგორც პრეზიდენტს.  ამ შემთხვევაში არ დაიცვეს ჩემი უფლებები, არც როგორც ქალის. ზღვა ცილისწამებისა და ლანძღვისა წამოვიდა ჩემზე. პირადად მე სახელით და გვარით დამარქვეს რასისტი და ქსენოფობი, რაც არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ თუნდაც იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოვადგენდი 30 წლის მანძილზე და რომელმაც ღირსების ორდენი მომანიჭა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: „უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“.

ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გვარამიას  განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.

„ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.