სალომე ზურაბიშვილი - არ ვიცი რომელიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც მიიღებს ძალის გამოყენებით პარლამენტის დაკავებას, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია
სალომე ზურაბიშვილი - არ ვიცი რომელიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც მიიღებს ძალის გამოყენებით პარლამენტის დაკავებას, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია

გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი რომელიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც მიიღებს პარლამენტის ძალის გამოყენებით დაკავებას, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ პარლამენტიდან 40 კილომეტრში კი, რუსეთის ძალებია განთავსებული და როდესაც ვიცით, თუ რა მარტივად იყენებს რუსეთი დესტაბილიზაციის არგუმენტებს რომელიმე ქვეყანაში შეჭრისთვის, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პოლონეთის წარმომადგენლის, ალექსანდრ პოჩეის შეკითხვას.

დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა კითხვით, რომელიც 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მე პოლონეთის მოქალაქე ვარ და როგორც იცით, პოლონეთის მთელი მოსახლეობა საქართველოს მეგობარია, თუმცა საქართველოს ბევრი მეგობარი, მათ შორის აშშ, კონგრესი და ევროპარლამენტი გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციების გამო, განსაკუთრებით ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ. 21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბატონმა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ოპოზიციის უფრო მეტი ლიდერი დაპატიმრდება და ამის შემდგომ დაუყოვნებლივ დაიწყო დევნა ზოგიერთი ოპოზიციონერის წინააღმდეგ. ვეკითხები საქართველოს პრეზიდენტს, ეს საკითხები არ გაღელვებთ?“ – განაცხადა ალექსანდ პოჩეიმ.

პოლონელი დეპუტატის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში იყო რადიკალი ლიდერების მხრიდან პარლამენტის დაკავების მცდელობა.

„ვფიქრობ, ეს საკითხი ორ ნაწილად უნდა დავყოთ; ქართული საზოგადოების მხრიდან მოჰყვა სპონტანური აღშფოთება იმ ფაქტს, რომ რუსეთის პარლამენტარი იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტში და წარმოთქვამდა განცხადებებს, რომლებიც არ იყო მისაღები ქვეყნისთვის, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ყველასთვის და მათ შორის ჩემთვისაც მიუღებელია ვინმეს ცემის ფაქტი, თუმცა ზოგიერთებს ასევე უნდა გამოეჩინათ გარკვეული თავშეკავება.

მეორე ნაწილი მოჰყვა საქართველოდან ბატონ გავრილოვის გამგზავრებას. მას შემდეგ, რაც ინციდენტის გამო გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ამ ინციდენტზე, საკითხი დაიხურა და დაიწყო მეორე ფაზა, რომელმაც პარლამენტს საფრთხე შეუქმნა. იყო პარლამენტის დაკავების აშკარა მცდელობა რადიკალი ლიდერების მიერ, რომლებიც ამ მცდელობას ხელმძღვანელობდნენ. გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი რომელიმე ევროპული ქვეყანა, რომელიც მიიღებს ძალის გამოყენებით პარლამენტის დაკავებას, მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ პარლამენტიდან 40 კილომეტრში კი, რუსეთის ძალებია განთავსებული და როდესაც ჩვენ ვიცით, თუ რა მარტივად იყენებს რუსეთი დესტაბილიზაციის არგუმენტებს რომელიმე ქვეყანაში შეჭრისთვის. ასე რომ, ვფიქრობ, ხელისუფლების რეაგირების მეორე ფაზა იყო სრულად აუცილებელი, შეზღუდული. მინახავს უფრო მეტი რეპრესია სხვა ქვეყნებში, როდესაც იქმნება არასტაბილურობა. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდა დემოკრატიამ საკუთარი თავი საკმაოდ კარგად დაიცვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.