სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, დიდი განცხადებები აკეთო და შემდეგ არ იყოს მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ არ ვიცოდი, ყველამ ყველაფერი იცის
სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, დიდი განცხადებები აკეთო და შემდეგ არ იყოს მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ არ ვიცოდი, ყველამ ყველაფერი იცის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს.

„ეს რაღაც სცენარების დატრიალება, რომელი სცენარიც მოიცავს გვამებს, არის ადამიანების პირდაპირ ფსიქოლოგიური დატერორება იმ დროს, როდესაც გარეთ არის მხოლოდ მშვიდობიანი აქციები, როგორც გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა. როცა არ არიან არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, ძალიან მშვიდობიანად ტარდება ეს აქციები და არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ არის ღირსეული, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ამსახველი“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამავდროულად, ზურაბიშვილის თქმით, შსს-ში მიღებული გადაწყვეტილება ახალი პერსონალის აყვანის წესის გამარტივებასთან დაკავშირებით, არის დარღვევა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე მიმართა შესაბამის ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ.

„კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც არის ძალიან ძლიერი დარღვევა ყველაფრის, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა ისე, რომ არ მოეთხოვოთ მათ დიპლომები. როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება, ეს პირდაპირ არის გზა, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, სადაც მათ მონახავენ. ეს არის ნიშანი, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესოა.

დღეს რადგან 10 დეკემბერია, უშუალოდ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც დამცველია ამ უფლებების, მივმართე, რათა დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა გავაცნოთ. ბევრმა უკვე ძალიან კარგად იცის და თვითონაც არაერთი ანგარიში აქვთ მომზადებული, მაგრამ ფორმალურად საჭირო იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიმართოს ყველა ამ ორგანიზაციას. ეს არის გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი, გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში ირენ ხანი, გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი შეკრების თავისუფლების საკითხებში ჯინა რომერი, გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის, დასჯის საკითხებში ალისა ჯილ ედვარდსი, თვითნებურად დაკავების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მომხსენებელი მეთიუ გილეტი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ოდირის დირექტორი მარია ტევალიანი, ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში იან ბრათუ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაეტი, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტი ტერეზა მარია რიტერი. ამ ადამიანებს გაეგზავნა დღეს უკვე ვრცელი წერილი, რომელიც არის ერთგვარი შეკრებითი მოხსენება იმის შესახებ, რა ხდება საქართველოში და მოთხოვნა, ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა მოავლინოს სპეციალური მონიტორინგის მისია სასამართლო პროცესებზე დასაკვირვებლად, რათა ჩვენი მოქალაქეები მარტო არ დარჩნენ უკანონო და უსამართლო სისტემასთან. ეს არის ის ჯგუფი, რომელსაც აქვს მანდატი, რომ გააგზავნოს ქვეყნებში სწორედ ამ პროცესებზე დასასწრებად თავიანთი სპეციალური მისია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის მიუღებელი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და უნდა მოხდეს რეაგირება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სწორედ ეს არის ყველასთან მისი მიმართვის შინაარსი.

„ვეღარ დავითვლი, რამდენ ჩემს კოლეგას მივმართე ევროკავშირში, ასევე ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა. ზუსტად იმავე შინაარსით მივმართე ყველას, რომ ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის მიუღებელი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ასევე, დღეს ჰქონდა სადილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან, რა დროსაც ყველას მკაფიო მესიჯები გადასცა თავიანთი დედაქალაქებისთვის.

„დღეს რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციულად ხდებოდა, მქონდა სადილი 27 ელჩთან (27-ვე არ არის საქართველოში, 22 თუ 23 იყო). ყველას ძალიან მკაფიო მესიჯი გადავეცი თავიანთი დედაქალაქებისთვის, რომ ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით დღეს წყდება არა მხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ამ რეგიონის მომავალი, ვრცელი რეგიონის – ჩვენ ვნახეთ, სხვა ქვეყნებში რა შეიძლება კიდევაც მოხდეს – ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალიც, რადგან არ შეიძლება, რაღაცები ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო დღითი დღე და შემდეგ არ იყოს მიღებული ის მთავარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნამდვილად ახდენს გავლენას ქვეყნის მომავალსა და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე. ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ დღეებში, წინა კვირიდან 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ მედიაწარმომადგენლებს, სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. შემიძლია, გამოვიტანო ერთადერთი დასკვნა, რომ ამის შემდეგ ვერავინ, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაური, ვერავინ იტყვის, რომ არ ვიცოდი, ყველამ ყველაფერი იცის და ეს იყო ჩემი მოვალეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.