სალომე ზურაბიშვილი - ამ საღამოს ნაძვის ხის ანთება აღარ იქნება, ყველანი ერთად იყავით მშვიდობიანად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ საღამოს არანაირი პროვოკაცია არ იქნება და ყველა მშვიდად უნდა იყოს.

„ჭირში და ლხინში ერთად ვართ, აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმოთ, ყველაფერში ერთად ვართ. ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით. არანაირი პროვოკაცია არ იქნება. თურმე გადაიდო ამ საღამოს ამ ნაძვის ხის ანთება. მე მგონია, ბარბარობაზე ჩემთან მოდიან. მინდა, გისურვოთ მშვიდობიანი საღამო. არ იყოს აქ არანაირი პროვოკაცია. ამ საღამოს ნაძვის ხის ანთება აღარ იქნება და თქვენ ყველანი ერთად იყავით მშვიდობიანად, იყავით კარგად. მე თქვენთან ვარ. არავის არ დავუშვებთ, არც ერთ პროვოკაციას არ დავუშვებთ. მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიება უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი.

ამ თემაზე განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა, კახა კალაძემ. „ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება მაშინ, როცა რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს, დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი დასტური, რომ რადიკალური ფაშიზმი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.