სალომე ზურაბიშვილი ALIPH-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ALIPH-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფონდ ALIPH-ის აღმასრულებელ დირექტორს, ვალერი ფრალანს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ფონდის მიერ დაფინანსებულ ორ პროექტს: ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია და სწავლება თემაზე  „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს“. ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია არხოტის თემის სოფელ ახიელში (ხევსურეთი) 2021 წლიდან მიმდინარეობს და წელს დასრულდება. XVII-XVIII სს. აგებული 19 მეტრი სიმაღლის კოშკი  2001 წელს რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დაზიანდა. კოშკზე დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, მოეწყობა საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკი საირმის მთაზე. კოშკის რეაბილიტაციაში დიდი წვლილი შეაქვთ ქართველ, ფრანგ და ბრიტანელ მოხალისეებს. ასევე, მიმდინარე წლის 17-20 მაისს, თბილისსა და გორში, საერთაშორისო ფონდ Aliph-ის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ოთხდღიანი სწავლება ჩატარდება თემაზე „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს“.

ფონდი ALIPH საომარ და პოსტკონფლიქტურ პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნების მიზნით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მეფისნაცვლის შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე.