სალომე ზურაბიშვილი - ახლა მთავარია, გვეყოს ძალა ჩვენს თავში, ამ ტრაგედიამ არ გაგვტეხოს და მთავარი გზიდან არ გადაგვახვევინოს
სალომე ზურაბიშვილი - ახლა მთავარია, გვეყოს ძალა ჩვენს თავში, ამ ტრაგედიამ არ გაგვტეხოს და მთავარი გზიდან არ გადაგვახვევინოს

ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, მთელმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს ყველას.

„ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა,გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი. მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ყველას ძალიან დიდი სიფრთხილე მოეთხოვება.

„დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ ხელისუფლებად, პოლიციელებად, პარტიებად და რიგით მოქალაქეებად. ეს არის საერთო ტრაგედია. ახლა მთავარია, გვეყოს ძალა ჩვენს თავში, ამ ტრაგედიამ არ გაგვტეხოს და მთავარი გზიდან არ გადაგვახვევინოს.

მოვუწოდებ საზოგადოებას დამშვიდებისკენ. არ წამოვეგოთ ახალ პროვოკაციებს, არ ავყვეთ დესტრუქციულ მოწოდებებს. მე მჯერა თქვენი გონივრული გადაწყვეტილების“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მისი თქმით, ემიჯნებიან დესტრუქციულ მოწოდებებს.

„მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს. გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. რუსეთს მხოლოდ ასე აღვუდგებით წინ. ოკუპაციას მხოლოდ ასე ვუპასუხებთ. მსოფლიოს მხოლოდ ასე დავანახებთ საქართველოს ღირსებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.