სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატები იმ იმედით წარადგინა, რომ რომელიმე მიიღებს საჭირო ხმების ორ მესამედს

20:36, 01.09.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ წარადგინა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად კომისიის მიერ კონკურსის ფორმით შერჩეული პირები.

ზურაბიშვილის თქმით, გადაწყვიტა, აღნიშნული ადამიანები წარედგინა, როგორც ახალი კანდიდატები, იმ იმედით, რომ რომელიმე მოაგროვებს ხმების ორ მესამედს, რაც არის მოთხოვნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სწორედ ევროპის მოთხოვნა იყო ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც იქნებიან მაღალი ლეგიტიმაციის და კონსენსუსის მატარებელი. პრეზიდენტის განმარტებით, სწორედ ეს არის დეპოლარიზაცია.

„მეორე საკითხი ეხება ჩემ მიერ წარდგენილ ცესკო-ს თავმჯდომარის ახალ კანდიდატურას. აქაც ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ არანაირი რამე პერსონალური შეფასება მე არ მაქვს ადამიანებზე. მაქვს პროფესიონალური შეფასება და სხვათაშორის, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარის პროფესიონალიზმზე ჩემი შეფასება იყო და არის ძალიან პოზიტიური. ეს საჯაროდაც ვთქვი. ამას დაეთანხმნენ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლებიც, რომ ის არჩევნები, რაც მან ჩაატარა, იყო სრულყოფილად ჩატარებული და მან ამ კუთხით სრულად შეასრულა თავისი ვალდებულება. ამდენად, ორჯერ რადგანაც ეს ადამიანი მე წარვადგინე ცესკო-ს თავმჯდომარის ადგილზე და 6 თვით ამით გაგრძელდა, ვინაიდან ვერ მიიღო ხმების ორი მესამედი, ჩემი გადაწყვეტილება, რომ მესამედ არ წარმედგინა და წარმედგინა ის კანდიდატები, რომლებიც იყვნენ კომისიის მიერ კონკურსის ფორმით შერჩეული, ისინი წარმედგინა, როგორც ახალი კანდიდატები იმ იმედით, რომ რომელიმე მოაგროვებს ხმების იმ ორ მესამედს, რაც არის მოთხოვნა და მოთხოვნა სწორედ ევროკავშირის, იმ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე, ეს ეხება საარჩევნო გარემოს. ამ საკითხებში რას გვთხოვს ევროპა, რომ მაქსიმალურად ეცადეთ, მონახოთ კანდიდატები, რომლებიც იქნებიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და რაღაცა ფორმით კონსენსუსის მატარებელი, დეპოლარიზაცია სწორედ ეს არის. ეს ეხება ცესკო-ს თავმჯდომარეს, მაგრამ ეს ასევე ეხება სხვა თანამდებობებს. მაგალითად, სახალხო დამცველს. მე არ მაქვს არანაირი როლი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, მაგრამ აქაც შემიძლია, ვთქვა, რომ ევროპის სულისკვეთებას და მისი მოთხოვნების სულისკვეთებას თუ მივყვებით, თუ ეს გვაინტერესებს და სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხებს, უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვთხოვენ მეტ სოლიდარობას, მეტ კონსენსუსს, მეტ ერთად შერჩევას იმ ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება, დაინიშნონ ამ ძალიან საპასუხისმგებლო ადგილებზე. მხოლოდ ეს იყო და ეს და არანაირი პოლიტიკური ხედვა ან რამე პერსონალური, რამაც განაპირობა ის, რომ კომისიის შერჩეული კანდიდატები წარვადგინე ამჯერად და არა მესამეჯერ არსებული თავმჯდომარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი