სალომე ზურაბიშვილი - აჩქარებულად, დაუსაბუთებლად მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებების მიღება აჩენს ახალ ეჭვს, რომ მოსმენები კიდევ ერთხელ გახდეს ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი
სალომე ზურაბიშვილი - აჩქარებულად, დაუსაბუთებლად მოსმენებთან დაკავშირებით ცვლილებების მიღება აჩენს ახალ ეჭვს, რომ მოსმენები კიდევ ერთხელ გახდეს ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზეც და განმარტა, თუ რატომ დაადო ვეტო ამ კანონპროექტს.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ცვლილებები აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით იყო მიღებული.

„მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ვეტო, რომელიც დავადე მოსმენების კანონის ცვლილებებს. რატომ? აქამდე ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდი ვეტოს საკითხს. ფრთხილად, რადგან არ შეიძლება, პრეზიდენტი ვეტოს ხმარობდეს ისეთი მარტივი ფორმით და კანონებზე ადებდეს ვეტოს, რაც გააუფასურებს ამ ბერკეტს, თუ ამას ბერკეტს დავარქმევთ, რადგან ისიც ვიცი, რომ ვეტოს დაძლევა დღევანდელ პირობებში და ასე იყო მთელი ჩემი მანდატის პირველი სამი წლის განმავლობაში, გარანტირებულია, ვინაიდან ვეტოს დაძლევის ბერკეტი უმრავლესობის ხელშია. მაგრამ არის საკითხები, როცა ვეტო ატარებს მაღალ პოლიტიკურ ნიშანს. პოლიტიკური არა, როგორც აქ ხშირად ესმით – პოლიტიზირებული, არამედ პოლიტიკური, რადგან ეს ეხება სისტემას. რა, თუ არა, მოსმენები, ეხება ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას. აქ გადის გაყოფითი ხაზი, ჩვენ კიდევ საბჭოთა მემკვიდრეობაში ვართ, თუ მართლაც გადავდივართ ევროპულ სისტემაზე. არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არ არის დაცული.

ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სადმე რომ შევდივართ და რამეზე საუბარი გვინდა, ყველანი ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ. შემდეგ ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ. ეს კიდევ არის და ეს არ არის ევროპული ცხოვრება. ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა. ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ.

ვეტოთი სწორედ ამისი თქმა მინდოდა, რომ შეიძლება, იყოს რაღაც მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას, მაგრამ იმ ფორმით, რომლითაც მიღებული იყო ეს ცვლილებები – არადასაბუთებული, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით, არავინ არ იქნა ჩართული კონსულტაციებში, ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს არის კიდევ და მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეული, მოსმენები კიდევ ერთხელ გახდეს ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი. ეს არ შეიძლება. არ შეიძლება იმ მომენტში, როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ რამდენიმე თვეში მივდივართ იმისკენ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. კანდიდატის სტატუსი კიდევ ცოტა აბსტრაქტული ჩანს. მივდივართ ევროპისკენ, თუ მივდივართ, უნდა წავიდეთ. თუ არ მივდივართ, მაშინ უნდა ითქვას ეს. და ვეტო ამისი მთქმელი იყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, საითკენ ვართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოხარულია, რომ ვენეციის კომისიამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა.

„მოხარული ვარ, რომ ვენეციის კომისიამ ამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა. თუ ჩემზე შეიძლება, ითქვას, რომ არაკომპეტენტური ვარ, მგონი, ცოტა არ იყოს, უხერხულია ზოგიერთებისთვის, როცა ვენეციის კომისიას აბრალებენ არაკომპეტენტურობას. მით უმეტეს ისინი, რომლებიც სხვა დროს და სხვა სიტუაციებში სწორედ იშველიებდნენ ვენეციის კომისიის დასკვნებს. ასე რომ, ჩვენ ცოტა სერიოზულობაც გვევალება. მით უმეტეს ამ ურთიერთობებში, იმ დროს, როცა კიდევ ერთხელ მივიღვწვით ევროპისკენ და კანდიდატობის სტატუსისკენ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი დეკლარირებული მიზანი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.