სალომე ზურაბიშვილმა აბასთუმანში ახლად აშენებული სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. პრეზიდენტი აბასთუმანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა რეგიონის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტების მერებთან აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში მიმდინარეობს. შეხვედრაზე პრეზიდენტს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.
შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ახლად აშენებული სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა. ცენტრის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მაისში დასრულდა. ახლა ცენტრის ტექნიკური აღჭურვა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო ცენტრი 100 პაციენტზეა გათვლილი. ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მშენებლობა ექვს მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.
სალომე ზურაბიშვილი ასევე მოინახულებს გოგირდის აუზებს, რემერტის ხიდს, ახალ ზარზმას და აბასთუმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა, სადაც მეგზურობას აბასთუმნის უხუცესი მკვიდრი თინა ნათელაშვილი გაუწევს.
პრეზიდენტი სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში მარნებს დაათვალიერებს, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი დედათა ხელსაქმეს გაეცნობა. პრეზიდენტი აბასთუმანში ობსერვატორიას ეწვევა და ევგენი ხარაძის სახელობის მუზეუმს დაათვალიერებს.