სალომე ზურაბიშვილი 7 ივნისს მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
სალომე ზურაბიშვილი 7 ივნისს მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7 ივნისს ამბროლაურში მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ორგანიზებით იმართება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი დაესწრება რამდენიმე ღონისძიებას და დაათვალიერებს, ეთნოგრაფიულ კუთხეს, ფერმერთა ბაზრობას, ფოტოგამოფენას თემაზე „გენდერული თანასწორობა, თანაბარი შესაძლებლობები გოგონებისა და ქალებისთვის“, სახელწოდებით „იყო ერთი გოგო“, ადამიანის უფლებების კუთხეს, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება და ბავშვთა უფლებების კუთხეს, მონაწილეობას მიიღებს ტურში „როიალ ხვანჭკარა“.

მისივე თქმით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასა და ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.