სალომე ზურაბიშვილი - 2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, შეიძლება, ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა მსოფლიო, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება
სალომე ზურაბიშვილი - 2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, შეიძლება, ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა მსოფლიო, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება

შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო მეტად კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება, რაც იყო, ის არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში უკრაინისადმი სოლიდარობის საღამო გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობასა და მეგობრობაზე ისაუბრა.

„მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ქალბატონო ელჩო, მივესალმები პატივცემულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია 30 წელი. 30 წელი ეს არის ერთი თაობა. 30 წელია, რაც ამერიკა ყველანაირად გვიდგას გვერდში. მე ვეთანხმები იმას, რაც ახლა ითქვა, რომ ვიღაცები ცდილობენ გაავრცელონ არასწორი, ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება სხვა ღირებულებები გვქონდეს, შეიძლება ეს არ იყოს შესატყვისი ჩვენი უძველესი კულტურის, მაგრამ ის თანადგომა, მხარდაჭერა, ამერიკის პოლიტიკა რაც იყო და არის ჩვენს მიმართ ფასდაუდებელია და ამას ჩვენ უნდა ვაფასებდეთ. ჩვენც, ჩვენი მხრიდან ამერიკისთვის ვიყავით სანდო მეგობარი, პარტნიორი, რომელმაც თავი არ დაიშურა და იდგა იქ, სადაც საჭირო იყო, ეს იქნებოდა ავღანეთი, თუ ერაყი“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ საქართველოს ყოველმხრივ გვერდში ედგა, ეს იყო ეკონომიკური, დიპლომატიური, პოლიტიკური და ასევე კულტურული დარგი. ამასთან, პრეზიდენტმა გაიხსენა Voice of America-ს ქართული სექციის დამფუძნებლის სიტყვები საქართველოსთან მიმართებით.

„შეიძლება, ჩვენც ვიფიქროთ, 2008 წელს რომ ყოფილიყო სხვანაირი მხარდაჭერა, უფრო მეტი რეაგირება, უფრო კარგად დანახვა რუსეთის, შეიძლება, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება – რაც იყო, ის არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე და კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ ჩვენი მთლიანი სოლიდარობა უკრაინისა და მისი შეუდარებელი ბრძოლის მიმართ, რამეთუ უკრაინელები დღეს იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, როგორც არაერთხელ ქართველები იბრძოდნენ საუკუნეების მანძილზე, მაგრამ იბრძვიან ასევე ყველას თავისუფლებისთვის და იბრძვიან ხვალინდელი მსოფლიოსთვის. ყველამ ვიცით, რომ ხვალინდელი მსოფლიო იქნება სხვა. როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი, ხვალინდელი ევროპა, ხვალინდელი ჩართულობა ამერიკის ამ ახალ ვითარებაში, ამას დღეს ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთი რამ შეიძლება, დარწმუნებით ვთქვათ, რომ ხვალინდელი მსოფლიო არასოდეს აღარ იქნება ის, რაც იყო აქამდე. ეს არის უდავოდ უკრაინელების დამსახურება. ამიტომ, დღეს თუ შეგვიძლია აქ ვთქვათ, რა გვინდა, გვინდა კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა, კიდევ უფრო ჩართული ამერიკა, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა უკრაინისთვის. ჩვენ ამას ჩვენთვის არ ვითხოვთ, მაგრამ რეალურად ჩვენთვისაც ვითხოვთ, მათთვისაც, დანარჩენი ევროპისთვისაც. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, პერიოდი. ყველას არ შეუძლია ერთნაირად გამოხატოს სოლიდარობა. ცხადია, არიან დიდი და პატარა ქვეყნები. ჩვენ არ გვიცავს მე-5 მუხლი, ეს არის ჩვენი მისწრაფება, რომ ერთ დღეს ჩვენც ვიყოთ იმ ხაზის მეორე მხარეს, სადაც შეიძლება, იყო უფრო გამბედავი და უფრო სხვანაირად გამოთქვა შენი ხედვა და მხარდაჭერა, მაგრამ სოლიდარობა ყველას გვევალება. დღეს ყველა სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ მათ მადლობას ვუცხადებთ. მადლობას ვუცხადებთ ამერიკის სახელმწიფოს მისი მთელი ამ წლების პოლიტიკისთვის. ჩვენ მას ვთხოვთ, ხვალინდელი დღეც დადგება, ომის შემდეგი დღე, როდესაც დაიწყება აღმშენებლობა, იქაც საჭირო იქნება ძალიან დიდი ჩართულობა. ახალი მარშალის გეგმა უკრაინისთვის, ახალი მიდგომები ახალი მსოფლიოსთვის.

საქართველოს თხოვნა იქნება, რომ დაგვიანდა მაღალი დონის შეხვედრები, დრო არის, ქართველი ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი. მას ველოდებით. აქ იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ როგორც არც ერთი სხვა ქვეყნის და მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ. მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდეს მრავალი წელი და იყოს კიდევ უფრო მჭიდრო. მინდა, ვუსურვო უკრაინას, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რადგან მისი გამარჯვება, ყველას გამარჯვება იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.