სალომე ზურაბიშვილი - 12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელშიც და კიდევ ველოდები იქ ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლას
სალომე ზურაბიშვილი - 12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელშიც და კიდევ ველოდები იქ ხელისუფლების წარმომადგენლების წასვლას

საქართვლოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების დელეგაციის ვიზიტი ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოში იმყოფებიან რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, რაც ასევე ხაზს უსვამს რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება წინ გადადგმული ნაბიჯია და მეორე მხრივ, შეიძლება, უახლოესი მომავლისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ის განცხადება, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუ რეკომენდაციებს შეასრულებს.

„მივესალმები ევროპარლამენტარების დელეგაციას, მის თავმჯდომარეს. პირველ რიგში, მინდა, ჩემი მხრიდან მადლობა მოვახსენო ამ ვიზიტისთვის, რომელიც ტარდება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, რომელიც შეიძლება, აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ევროპული მომენტისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონული ვიზიტის ფარგლებში და ეს ხაზს უსვამს ასევე ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში.

მაგრამ, მე დავიწყებდი საქართველოსა და ევროკავშირით. ჩვენ უნდა გვესმოდეს და ამ ქვეყნისთვის ალბათ მთავარია, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა და მოგვენიჭა ევროპარლამენტის, ასევე ევროპული საბჭოს მიერ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი რამ. ზოგჯერ, გვავიწყდება ეს და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზედაც უკან დახევა არ იქნება, მაგრამ რომელიც მოითხოვს ჩვენგან, რომ ღირსნი ვიყოთ ამ ევროპული პერსპექტივის. მეორეს მხრივ, შეიძლება, უახლოესი მომავლისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი შევასრულებთ იმ მთავარ რეკომენდაციებს, რასაც ვეძახით 12 პუნქტს, რომელზეც უნდა დაიწყოს მუშაობა.

ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი და როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგიერთი ნაწილი. მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და ამისთვის მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია, რამეთუ ჩვენ როცა გვაქვს ექვსი თვე, სრულიად გაუგებარი არის და მგონი, გაუგებარია ჩვენი ევროპალმენტარი მეგობრებისთვის, არ დავიწყოთ მუშაობა ახლავე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში, ანუ ან პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში, ასევე ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველგან უნდა ვიმუშაოთ და ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს. იმაზე უარის თქმა და ამაზე კი, ასე არ გამოვა, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად უჭერს მხარს ჩვენი საზოგადოების 85%. მხოლოდ მუშაობა, ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და არ ვეთანხმებით, ცალ-ცალკე ეს არ ხდება და ეს ძალიან მარტივად გასაგები არის ყველასთვის. აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რამეთუ ბერკეტები, მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის, პარლამენტში იქნება, თუ მთავრობაში, მათ ხელში არის მიღწევა ამ კანდიდატურის. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა, და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ, არის ხელისუფლების. ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილი, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, ასევე გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება, ზოგჯერ სჯობდეს, პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება, ითქვას, არის რაღაცა ბრალდებები, მაგალითად, იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება, ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, რათა ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.